logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დასავლეთი კი არ გადის, შემოდის!

17 ივლ 202220:06
3 წუთის საკითხავი
clock 1075

წლების განმავლობაში, ინფორმირებულობაზე პრეტენზიის მქონე და ფორმალურად პროდასავლური კურსის გულმხურვალე მხარდამჭერი ქართული ოცნების წევრების რიტორიკას ჰქონდა ერთი მძლავრი და შედარებით გასაგები გზავნილი: ამერიკა რეგიონიდან გადის, საზოგადოებრივი აზრი დასავლეთში იმედგაცრუებულია მთავრობების საერთაშორისო აქტივობით, ხოლო რუსეთი პირიქით, სამეზობლოში ძლიერდება, ბევრი ფულის ხარჯვა შეუძლია და რაც მთავარია, აქვს რეალური ბერკეტები გავლენის მოსაპოვებლად.

აქვე უნდა ვთქვათ ალბათ, რომ მიუხედავად ყბადაღებული დასავლური ჰეგემონიისა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს ძალა რეგიონში სრული შესაძლებლობებით არ გამოჩენილა. რაც უფრო ფართოვდებოდა აღმოსავლეთ ევროპის განმარტება, მით უფრო იკლებდა დასავლური აქტიურობის ინტერესიც. იმედები დემოკრატიული, ან სულაც გონივრული რუსეთის შესახებ მალე არ დაფერფლილა, მიუხედავად იმისა რომ ყველა ნიშანი სახეზე იყო.

პუტინის გიჟური ამბიციებით განპირობებულმა უკრაინულმა ავანტიურამ ცივი შხაპის როლი ითამაშა და პოლიტიკურ ცენტრებში მიხვდნენ ერთს, მყარი და მდგრადი გარანტიების გარეშე ევროპული უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესების უზრუნველყოფა მუდამ "რუსულ ბეწვზე" ეკიდებოდა. პუტინმა ბიძგი მისცა დასავლეთის და განსაკუთრებით ვაშინგტონის სტრატეგიის გამოკვეთას და კრისტალიზებას შავი ზღვის რეგიონში, რომლის აღმოსავლეთ ფორპოსტსაც ჩვენი ქვეყანა - საქართველო წარმოადგენს.

როდესაც ოცნების ხელისუფლება ევროპარლამენტარებს პირდაპირ ლანძღავს, ამერიკის ელჩზე ღია და ორკესტრირებული შეტევა მიაქვს, მათ კონტროლირებად მედია საშუალებებში კი იმაზე მსჯელობენ გაიწვევენ თუ არა ელჩ დეგნანს საქართველოდან, ბევრს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი კლდესავით მყარად დგას, არავის ეპუება და არც ძალაუფლების დათმობას აპირებს. კავკასიას ბოლომდე რუსეთი ეპატრონება, ვაშინგტონი და ბრიუსელი კი ხელის ჩაქნევის სტადიაზე არიან და რეგიონს ტოვებენ.

არადა ყველაფერი პირიქითაა: რუსული გემი რომ ჩაძირვისთვისაა განწირული, ამას ისიც მიანიშნებს, რომ მოსკოვის გავლენის ქვეშ დიდხანს მყოფი ქვეყნები, გემბანიდან, აშკარად გაქცევას ლამობენ. ყაზახეთი უკვე ღიად ეწინააღმდეგება კრემლს და საკუთარი გეოპოლიტიკური თუ ენერგეტიკული როლის გადააზრების პროცესშია. სომხეთი კი მოსისხლე აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, რისი მაგალითიც თბილისში დაგეგმილი მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა.

მეტიც, როდესაც კონგრესში ორი მძიმეწონოსანი სენატორი: დემოკრატი შაჰინი და რესპუბლიკელი რომნი ორპარტიული კანონპროექტის ინიციირებას ახდენენ, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს შავი ზღვის რეგიონი პრიორიტეტად გამოაცხადოს; ოფიციალურმა ვაშინგტონმა კი შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც ამ რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ კი საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, სამხედრო დახმარების გაზრდას და რაც მთავარია, ნატოს ძალისხმევის გააქტიურებას ითვალისწინებს, აქ მგონი ყველაფერი ნათქვამია და ამერიკის გეგმაც ნათელია: წერტილი უნდა დაესვას რუსეთის იმპერიის აღდგენისა და კონტინენტისა და მსოფლიოს შანტაჟის პუტინისეულ გეგმას. იგივე სქემით მოქმედებს უკვე ევროკავშირიც, რომელიც ერთის მხრივ უკრაინის მასშტაბური სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარებით, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთით გაფართოების უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, რუსული იმპერიის იდეას რუსეთის დღევანდელ სახელმწიფო საზღვრებამდე ავიწროებს.

ამ დროს სად არის და რას აკეთებს საქართველო? იმის ნაცვლად რომ ჩვენმა ქვეყანამ რეგიონის განვითარების ამერიკისეულ გეგმაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ფუნქცია გაიუმჯობესოს და რაც მთავარია ევროპული პერსპექტივა წევრობის კანდიდატის სტატუსამდე დროულად მიიყვანოს, ივანიშვილს აქვს მცდელობა ელჩ დეგნანზე იერიშის მიტანით, რაც ამერიკის სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ევროპარლამენტარების ლანძღვით და ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულებაზე უარით კი საქართველოს დაუკარგოს ევროპული პერსპექტივა, ბოლომდე ჩამოაცილოს ის დასავლურ ვექტორს და დასაღუპად განწირულ რუსულ გემბანზე აათრიოს, სადაც მხოლოდ ბელორუსიღაა დარჩენილი.

თუმცა მის გეგმას, რომელიც ძალიან ჩქარი და უაღრესად მასიური მსოფლიო პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მცდელობაა, გარდაუვალი მარცხი ელის. როდესაც რეგიონში დასავლური ჩარხი აქტიურად იწყებს მოქმედებას, რაც არ უნდა იფართხალონ ივანიშვილის საცეცებმა, სოზარ-ხუნდაძე-ყაველაშვილის ტრიომ, მმართველი გუნდის საკრებულოების დეპუტატებთან თუ კლანის წევრ მოსამართლეებთან ერთად თუ მათ გარეშე, მილიარდერი და მისი ხელისუფლება, რუსულ გემთან ერთად მსოფლიო პოლიტიკის ამ მორევში დახრჩობისთვისაა განწირული. ბუნებრივია ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თავისით მოხდება და საქართველოს დასავლურ მომავალს ხონჩაზე დადებულს მოგვართმევენ. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი, მძიმე და უკომპრომისო. თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ მარტო არ ვართ და ზურგის ქარი უკვე ჩვენს სასარგებლოდ უბერავს.


close დახურვა