logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დეგრადაციის ნიშნული

30 ოქტ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

ორი დღის წინ 32 წელი შესრულდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენიდან. 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველად, საქართველოში დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით დამაჯერებლად დაამარცხა კომუნისტური პარტია და გამარჯვება მოიპოვა, რასაც წინ უძღოდა ეროვნული დაუმორჩილებლობისა და მასობრივი და კარგად ორგანიზებული მშვიდობიანი მანიფესტაციების მთელი ტალღა, რამაც ბოლომდე გამოფიტა და დაასუსტა საქართველოს მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება. სწორედ ამ პარლამენტის პირობებში მოხდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმება, რეფერენდუმის ჩატარება და მისი შედეგების საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენა, მოგვიანებით კი სხვა სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს რესპუბლიკის აღიარება.

ხვალ კი 2 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო არჩევნები ჩატარდა. 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო რბოლაში ფრაგმენტირებული ოპოზიციური სპექტრი ერთი იდეის, მილიარდერი ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილებისთვის იბრძოდა. იყო ძლიერი საპროტესტო მუხტი და ასევე მაღალი საარჩევნო აქტივობა საზოგადოების მხრიდან, თუმცა გამარჯვება მაინც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, უფრო სწორად მიითვისა და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად, ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა.

ყოველდღიური რუტინიდან ოდნავი დისტანცირებაც კი საკმარისია იმის აღსაქმელად, თუ რამხელა იდეური დეგრადაცია განიცადა ამ ხნის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკამ, და როგორ დრამატულად დაიწია თამასამ. თუ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, პოლიტიკური ძალებისთვის ეროვნული იდეა კომუნიზმის დამარცხება, საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და ცივილიზებული სამყაროსგან აღიარების მიღება იყო, დღეს, როდესაც ევროპის კარი ღია, ჩვენი ისტორიული ოცნება კი რეალობაა, ჩვენივე უმოქმედობის შედეგად ქვეყანა ევროპას და ცივილიზაციას ზურგს აქცევს და რუსული გამოქვაბულისკენ მიცოცავს; ეროვნული იდეა კი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები მილიარდერისთვის ძალაუფლების რამენაირად გამოგლეჯაა. მეტიც, არსებობს რეალური საფრთხე, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველო კვლავაც რუსული ყაიდის, ავტორიტარული რეჟიმის მიერ მართულ ერთეულად იქცეს. როდესაც მოლდოვაში კრემლი ღია თუ შეფარული საშუალებებით, პირდაპირ ცდილობს სანდუს პროდასავლური ხელისუფლების ჩანაცვლებას მისი ერთგული რეჟიმით, საქართველოში მსგავსი ოპერაცია აღარ ჭირდება, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ეს მისია ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება.

სახეზეა პოლიტიკური კლასის აშკარა დეგრადაციაც. მაშინდელი და დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერების უმრავლესობას შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რაც არა იმდენად ინტელექტუალ ნაწილში, საკუთარი როლისა და მისიის შეგრძნებაში თვალნათლივ გამოიხატება. პატრიოტიზმის, თავდადების, შეუპოვრობის, უკომპრომისობისა და ერთიანობის ხანა, ლიდერობისა და იდეების ნაკლებობის, დაბნეულობის, დაპაუზებულობის თუ დაქსაქსულობის პერიოდმა ჩაანაცვლა. რაც მთავარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელმაც ფაქტობრივად მოიგო ეს არჩევნები, საბედისწერო შეცდომებით ვითარება დღევანდელ ჩიხამდე მოიყვანა. როდესაც საზოგადოების მოლოდინს ასეთ მაღალ ნიშნულამდე წევ, მაშინ იმის რესურსიც უნდა გქონდეს რომ თანმიმდევრულობა შეინარჩუნო და გამბედაობაც უნდა გეყოს - გადამწყვეტ მომენტში აუცილებელ რისკზე წახვიდე, მისი გამართლებისთვის კი ბოლომდე იბრძოლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების იმედგაცრუება გარდაუვალია.

დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ხელისუფლების არჩევნებით ცვლილებას და მილიარდერის ხელისუფლებაში მოსვლას დიდი იმედით შეჰყურებდა თითქმის ყველა: გაჭირვებული მოსახლეობა კეთილდღეობას ელოდა, ბიზნესი - თავისუფლებას, უფლებადამცველები და არასამთავრობო სექტორი - გაუმჯობესებულ ადამიანის უფლებებს, პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი და საერთაშორისო პარტნიორები კი რეფორმების ახალ ტალღას და "გასაოცარ" დემოკრატიას. შედეგი აბსოლუტურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. დღეს ყველა იმედგაცრუებულია, ქვეყანა კი რომელსაც ერთ დროს რეგიონის დემოკრატიის შუქურად და რეფორმების ლიდერად მოიხსენიებდნენ, ყველა კონტექსტში აუტსაიდერია.

არის თუ არა პოლიტიკის დეგრადაციის ეს ნიშნული ფსკერი?! თუ 2024-იც სტატუს კვო იგივე დარჩა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალაუფლების კვლავ მიტაცება მოახერხა, ქართული სახელმწიფო დიდი ალბათობით ივანიშვილის ქველმოქმედების მორიგი მსხვერპლის, საჩხერის "ჩიხურას" ბედს გაიზიარებს. საფეხბურთო კლუბის, რომელიც ერთ დროს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ევრო-თასების შესარჩევი მატჩებიც კი ითამაშა, თუმცა დღეს ეროვნული ჩემპიონატის მესამე დივიზიონშია, საიდანაც მხოლოდ იმიტომ არ ვარდება, რომ გასავარდნი უბრალოდ აღარსადაა.


close დახურვა