logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მეორე ფრონტის შედეგი - საქართველო ლანგარზე

21 მაი 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

მთელი საპოლიციო რესურსით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მტრის - ლავროვის ოჯახის სიმყუდროვის საქართველოს პატრიოტი მოქალაქეებისგან დაცვა - პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ქვეყანას არამარტო რუსეთის მომსახურე, არამედ ყოველგვარი ღირსებისა და მორალური კატეგორიებისგან დაცლილი ხელისუფლება მართავს.

როდესაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის  7 წლის თავზე, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაჯდა, გმირი შვილის საფლავზე მყოფმა მისმა დედამ გვითხრა რომ მზად არის, მონანიების შემთხვევაში, შვილის მკვლელიც კი მიიღოს და აპატიოს. ოთხოზორიას დედას აქვს ამის თქმის და პატიების უფლება და ეს მისი მხრიდან უდიდესი კეთილშობილების გამოვლინებაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი უფლება რუსეთს აპატიოს რამე მანამ, სანამ ოთხოზორიას მკვლელს და ანწუხელიძის მწამებლებს არ დასჯის; სანამ ყველა დევნილს უკლებლივ საკუთარ სახლებში არ დააბრუნებს, სანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს და სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებს. მანამდე კი, ნებისმიერი ფლირტი მოსკოვთან, უღირსობად და სიმხდალედ აღიქმება და ჩადენილი მკვლელობების, ქართველების ეთნიკური წმენდის, წამების, ასობით ათასი ადამიანის სახლებიდან გამოყრის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ რუსეთთან "ჩახუტებით" ივანიშვილის მთავრობა ახდენს საქართველოს სრულად განიარაღებას და საკუთარი ნებით ამბობს უარს იმ არსენალზე, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარს: დასავლეთთან ძლიერი კავშირები, NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოების შეუქცევადი პროცესი, ენერგოდამოუკიდებლობა და მინიმალური ბმა რუსულ ბაზარზე. თუმცა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, ფინანსური ნაკადების უკონტროლო შემოდინებით, ოკუპანტი სახელმწიფოს ასობით ათასი მოქალაქის საქართველოში ჩამოსახლებით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟით და უკრაინასთან და მთელს დასავლეთთან ურთიერთობის ღიად მტრულ რეჟიმში გადასვლით, სწორედ ეს არის დაცვის ნამდვილ ბერკეტებზე უარის თქმა და ქვეყნის მომავლის - ხაჭაპურითა და ჭაჭით გამძღარი რუსის კეთილგანწყობის ამარად დატოვება.

რუსეთი უზარმაზარი შავი ხვრელია, ჩვენთან შედარებით სრულიად არაპროპორციული ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობებით, რომელსაც მარტივად შეუძლია სუსტი ქართული ეკონომიკის მთლიანად გადაყლაპვა. თუ აქაურობა რუსულ ფულით და რუსული ეკონომიკური ინტერესებით გაჯერდა, ყოველგვარი ფილტრი და წინაღობა მოიშალა, დასავლეთისგან სრული იძულებითი იზოლაცია მოხდა, ქვეყნის შიგნით კი რუსული ტიპის ავტორიტარულმა რეჟიმმა მყარად გაიდგა ფესვი, ეს საქართველოსთვის ერთი დიდი ხინკლის ფორმის მიცემას და პუტინისთვის პირდაპირ ხონჩით მირთმევას ნიშნავს. ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ იმას გაიძახის, რომ დასავლეთს ომში ჩვენი ჩათრევა და აქ მეორე ფრონტის გახსნა სურს. არადა ყველაფერი პირიქითაა. ივანიშვილის ხელისუფლების დახმარებით, რუსეთს, საქართველოში მეორე ფრონტი უკვე კარგა ხანია გახსნილი აქვს. კრემლი ეკონომიკური ბერკეტებით, სახელმწიფო ინსტიტუტებში აგენტურის მასშტაბური ინფილტრაციით, მოსახლეობის დეზინფორმაციითა და დემორალიზაციით და საქართველოს დასავლეთისგან სწრაფი დაშორებით აღწევს ზუსტად იმას, რაც მან ვერც 2008 წლის ომით და ვერც უკრაინაში შეჭრით შეძლო. ლანგარზე ხინკალივით მირთმეული საქართველო რუსეთისთვის უკრაინაში სამარცხვინო მარცხის კომპენსაციაა. დღეს ტერორისტები და მათი თანამგრძნობები ბიძინას მიერ სახინკლედ ქცეული ძველი კოლონიის უთავმოყვარეო ფეხქვეშ გაგებით ტკბებიან.

აეროპორტში, რუსთაველზე, თუ ყვარელში გამოსული პროტესტანტები კი ხალხის უმრავლესობის სინდისს იცავენ, რაც ქართული სახელმწიფოს რეპუტაციას ვერაფერს შველის და ვერც უშველის, სანამ ეს უმრავლესობა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ შეცვლის და საქართველოს სახელით ლაპარაკს და მითუმეტეს გადაწყვეტილებების მიღებას სამუდამოდ არ აუკრძალავს.


close დახურვა