ომის 25-ე დღეს გაოცებით შევყურებთ უკრაინას, სადაც ყველა თავგანწირვით იბრძვის: უკრაინელიც, რუსიც, ქართველიც, ებრაელიც, ყირიმელი თათარიც, კაციც, ქალიც, ბავშვიც, მოხუციც, ყველა… არადა ხშირად გვესმოდა, რომ უკრაინელი ერი, როგორც ასეთი, არ არსებობს; რომ ნახევარი მათგანი რუსია, ან ყველა ნახევრად რუსია; რომ კორუფცია ლამის დნმ-ის ნაწილია, ქვეყანას კი ოლიგარქები მართავენ. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, პუტინს მართლაც ჰგონებოდა, რომ ყირიმის მსგავსად ამ ომსაც გასროლის გარეშე მოიგებდა, რუს ჯარისკაცებს კი, როგორც მინიმუმ სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ყვავილებით შეხვდებოდნენ. თუმცა პუტინის ტანკებს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა სწორედ აქ გაუწიეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ერ-სახელმწიფოზე, ეს სწორედ უკრაინაა.
უკრაინას დღეს ამაყი ლიდერი ჰყავს. ადამიანი, რომელიც სიმამაცესა და თავგანწირვას, პასუხისმგებლობას, უშუალობას და თავმდაბლობას ერთდროულად ასხივებს. მიუხედავად სასიცოცხლო რისკისა, ზელენსკი არ იმალება, მას თავის ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს, ნახულობს დაჭრილებს და ასხივებს იმას, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია - დღეს ზელენსკი სრული ანტი-პუტინია, ყველაფრით და ყველაფერში განსხვავებული მისგან. უკვე ჰოლოგრამად ქცეული, საკუთარი გუნდისგან 30 მეტრში მჯდომი პუტინისგან განსხვავებით - ზელენსკი ადამიანია - ნამდვილი, ხელშესახები და ადვილად გასაგები. ის სიმართლეს, ძალიან მწარესა და უსიამოვნოს, პირდაპირ ეუბნება მსოფლიოს ლიდერებს, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებსა და საზოგადოებებს, ისინი კი მას ტაშს უკრავენ. ლიდერი ხალხის, ხალხი კი ლიდერის სიმამაცესა და თავგანწირვას კვებავს. ასეთია დღეს უკრაინელების გამარჯვების ფორმულა.
აი ჩვენ კი ლიდერი არ გვყავს. ის, ვინც მოცემულობით ჩვენი ლიდერი უნდა ყოფილიყო, საერთოდ სადღაც გაქრა და აჩრდილად იქცა. მისი წინამორბედი ლიდერი ციხეში ზის, ხოლო ის ხალხი, რომლებიც აჩრდილმა ლიდერებად დაგვინიშნა - პრემიერი, საგარეო საქმეთა თუ სხვა მინისტრები - შიშის, სიმხდალისა და არაკომპეტენტურობის განუწყვეტელ პროექციას ახდენენ, რითიც საშიშად აქვეითებენ მთელი საზოგადოების თუ ჩვენი სამხედრო ძალების მედეგობასა და საბრძოლო სულისკვეთებას. ამას ვითომ იმიტომ აკეთებენ, რომ რუსეთს გაღიზიანებისა და ჩვენზე თავდასხმისთვის საბაბი არ მივცეთ. არადა ვიცით, რომ მოსკოვს ამისთვის არც მიზეზი სჭირდება და არც საბაბი. აქ არის ლუგარის ლაბორატორია, სადაც მოსკოვის მტკიცებით, ამერიკელები ქიმიურ თუ ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.
"დაუშვით რუსი ინსპექტორები ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლაბორატორია რუსული რაკეტების სამიზნე გახდება" - სულ რამდენიმე დღის წინ მოგვთხოვეს მოსკოვიდან. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ჩვენმა პრემიერმა გვითხრას - ლუგარის ლაბორატორია უნდა დავხუროთ, აბა ომს ხომ არ დავიწყებთო?!
"ვაჟკაცსა გული რკინისა და აბჯარი თუნდა ხისაო" - წინდახედულობასა და მოქნილობასთან ერთად, ამ პრინციპით ცხოვრობდა ქართველი საუკუნეების განმავლობაში და ამიტომაც გადავრჩით და მოვედით დღემდე. თუმცა დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ხის გული აქვს, აბჯარს, რკინისაც რომ იყოს, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. საბოლოდ ასე გამოდის რომ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა კვაჭი კვაჭანტირაძის ლოგიკით, თან მისთვის დამახასიათებელი ინტუიციის უფრო ზუსტად მარიფათის არქონით ცდილობს გადარჩეს.
რუსულ ტანკებს თბილისში სწორედ ეს სიმხდალე და სისუსტე ეპატიჟება, როცა ჩვენივე ხელისუფლება აკანკალებული ხმით გვიმტკიცებს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ამიტომ ჩუმად უნდა ვიყოთ და თავი დავხაროთ, დავნებდეთ. აბა ომს ხომ არ დავიწყებთ?!
თუ მართლა გვინდა კრემლის შეჩერება, მას ძალა და წინააღმდეგობისთვის მზადყოფნა უნდა ვაჩვენოთ: დღეს საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი საქართველოს სამხედრო ძალები, მობილიზებული რეზერვი, ტანკსაწინააღმდეგო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები, გვქონდეს სურსათისა და საწვავის შესაბამისი მარაგი; მოვამზადოთ თავშესაფრები, მოვითხოვოთ შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღების მოწოდება, სანქციების ქმედუნარიანობაზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, ქართველი პრემიერი კი პოლონელ, ჩეხ და სლოვენიელ კოლეგებთან ერთად კიევში ზელენსკისა და კაჩინსკის გვერდით იდგეს.
ამის ნაცვლად - თვალს ვადევნებთ ალტ-ინფოს მწვანე კაცუნების მომრავლებისა და მათი ინფრასტრუქტურის აქტიური გაფართოების ხელისუფლებისგან მხარდაჭერილ პროცესს, რაზეც მართალია საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს, მაგრამ მათი სამართლიანი ბრაზი და ყურადღების ფოკუსი მთავარ საკითხს ცდება. აი მთავარი კი ისაა, რომ ნამდვილი მწვანე კაცუნები არა ალტ-ინფოში, არამედ უკვე მთავრობაში სხედან: შიშის, უძლურებისა და კოლაბორაციონიზმის აქტიურ პროექციას ახდენენ, ყოველდღიურად აჩლუნგებენ ერის საბრძოლო სულისკვეთებას, კორუფციის ჭაობში ძირავენ ქვეყანას და გვიმტკიცებენ, რომ ყველა, ვისაც ღირსება შერჩენია, სიკეთისა და სამართლიანობის გვერდით დგომა უნდა, ომში მიათრევს ქვეყანას.
არადა ყველაფერი პირიქითაა: ისე არავინ და არაფერი ახდენს ომის პროვოცირებას, როგორც მხდალი ლიდერები და მათი შიშები.