ჩვენი ყურადღება ახლა ბრიუსელისკენაა მიპყრობილი. ყველა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ჩვენი ერის და სახელმწიფოს მიერ განვლილი გზა გაჟღენთილია სისხლით, ოფლითა და ცრემლით, მილიონობით ქართველის ტანჯვითა და ნაცრად ქცეული იმედებით. ისტორია არ არის აღმავალი კიბე, სადაც უკეთესი ყოველთვის წინაა და წარსული უბედურების დაბრუნება შეუძლებელია. ისტორია არ გვთავაზობს მუდმივი პროგრესის ფორმულას, შესაბამისად მოცემული შესაძლებლობა ისევე შეიძლება დაიხუროს, როგორც წარსულში არაერთხელ მომხდარა. ორი საუკუნის წინ, როცა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატს აფორმებდა, მისი გეგმები საერთოდ არ გულისხმობდა იმას, რა შედეგიც საბოლოდ მივიღეთ. შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა - ორ გუბერნიად ქცეული ტერიტორია, რომელსაც ქართველი მწერლები საქართველოს ეძახდნენ.
გამოგონილი თუ ნამდვილი ისტორიული ტკივილები დღეს კრემლის დერეფნებში დაძრწის, ამ ირაციონალურმა და ძალიან ბანალურმა შეგრძნებებმა ცეცხლის ალში გახვია აღმოსავლეთ ევროპა და ამ დროს ალბათ კიდევ უფრო საშიშად ისმის პუტინის ირონიული სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ შეუქმნეს რუსებმა ქართველებს სახელმწიფოებრიობა.
უკრაინის ომმა გეოპოლიტიკური პროცესი უკიდურესად დააჩქარა და დასავლური სამყაროს პოზიციის სრული კრისტალიზება მოახდინა არამარტო რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებაშიც. და ეს მოხდა არა მარტო საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა პოლიტიკის მიმართაც. ივანიშვილი, მისი საფირმო ანაკონდას მოგუდვის პრინციპით, წლების განმავლობაში იმყარებდა ძალაუფლებას და მეთოდურად ასუსტებდა ქართულ დემოკრატიასა და სახელმწიფოს. თუმცა ეს იმგვარად ხდებოდა, რომ გარედან მაყურებელ გულშემატკივრებს, ქართულ პოლიტიკაში კარგად ჩახედულ ადამიანებსაც კი, უჭირდათ პოლიტიკური ვითარების, ქართული დემოკრატიისა და ინსტიტუტების დეგრადაციის ხარისხის რეალურად აღქმა და შეფასება. წარმოდგენებისა და რეალობის ეს აცდენა, დიდწილად განაპირობებდა კიდეც ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტისა და დასავლეთის მიდგომების არათუ სინქრონიზაციის ნაკლებობას, არამედ ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრიობასაც.
მაშინ, უკეთეს ფორმაში მყოფი ქართული ოპოზიცია, გრძნობდა რა შიდა განწყობების დინამიკას, ცდილობდა პოლიტიკური ცვლილებებისთვის მწვავე პროცესის ინიცირებას. თუმცა დასავლეთიდან წამოსული სიგნალები: ბოიკოტის დასრულების, პარლამენტში შესვლის, დეპოლარიზაციის თუ უკვე ფაქტობრივად მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე გამოყენების შესახებ, პოლიტიკური ცეცხლის განელებას უწყობდა ხელს, რითაც ყოველთვის ბოროტად სარგებლობდა ოცნების ხელისუფლება. თუმცა, დღეს, როდესაც ყველაფერი ნათელია, დასავლეთის პოზიცია კი საქართველოსთან მიმართებაში სრულად კრისტალიზებული, მივიღეთ ვითარება, როდესაც ვაშინგტონი და ბრიუსელი უფრო მკაცრ და რადიკალურ პოზიციაზე დგანან ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში, ვიდრე გადაღლილი, გამოფიტული და დეზორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი.
პარალელურად, თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც ქართული ოცნება, საკუთარი ინტერესების დასაცავად ქუჩაში ძალადობის ლეგიტიმაციასაც აღარ ერიდება. ყოველი დღე კი პოტენციურ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მმართველი პარტიის ლიდერები ღიად ლანძღავენ, ქვეყნის შიგნით ამბოხის ორგანიზატორებად და წამახალისებლად ასახელებენ და პირდაპირ რუსეთის წარმომადგენლებს ადარებენ იმ ევროპელ კანონმდებლებს, რომლებმაც ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უნდა მიიღონ. მართალია ეს რეზოლუცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა თბილისის მხრიდან შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში, თუმცა იქვეა მუხლები, სადაც საქართველოს ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკა ისმის. მეტიც, ევროპის სახალხო პარტია და კონსერვატორების ფრაქცია პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის სანქცირებას, რაც ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოტანილი შეუქცევადი განაჩენი იქნებოდა, თუმცა ევროპარლამენტარებმა ამ ეტაპზე ივანიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება იკმარეს და რეზოლუციის საბოლოო ვარიანტიდან, სავარაუდოდ, იმ მიზეზით ამოიღეს სანქცირების მოთხოვნა, რომ ის საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც დააზიანებდა და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაჭირდებოდა.
მთელი ეს პროცესი, ერთი რამის მანიშნებელია: ევროპელი კანონმდებლები საკუთარი სახელმწიფოების მეთაურებს სთხოვენ, არ მოხდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღმა დატოვება, გამოინახოს ფორმა ზემოქმედების და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებით, ქვეყნისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების შესახებ. მეორეს მხრივ კი თვალი არ დახუჭონ საქართველოს პრობლემების მთავარ მიზეზზე - ბიძინა ივანიშვილზე და საჭიროების შემთხვევაში მისი სანქცირების გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მისი ჩრდილოვანი გავლენებისა და რუსული ტიპის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველო ევროპასთან დაახლოებას ვერ შეძლებს.
შესაბამისი დასკვნები საზოგადოებამ და პირველ რიგში ოპოზიციამ უნდა გააკეთოს. სანქცირებული თუ დასასანქცირებლად გამზადებული მილიარდერის პოლიტიკური დელეგიტიმაციისა და ძალაუფლებიდან ჩამოშორების აღსრულება მშვიდობიანი, თუმცა მწვავე პოლიტიკური პროცესის საშუალებებით ოპოზიციამ და პირველ რიგში იმ საზოგადოებამ უნდა შეძლოს, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია და რომელსაც ივანიშვილი უკვე გადაულახავ ბარიერად ექცა.
ევროკავშირი დღეს ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას და ამ ისტორიულ გადაწყვეტილების მოლოდინშია ცალ ფეხზე მდგომი ჩვენი სახელმწიფოც. დასავლეთისთვის ინტერესის ობიექტი საქართველოა და არა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის შიგნით შეუზღუდავი ძალაუფლებით და მრავალი მილიარდითაც კი უკიდურესად მცირე ზომის ფიგურაა გლობალური პოლიტიკის კონტექსტში, თუმცა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით მომავალში დასავლეთსაც შეუქმნას გარკვეული სიძნელეები. ამიტომ ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი ფურცლის გადაშლა და ახალი პროცესის დაწყება საქართველოსთვის ივანიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში არათუ გართულდება, არამედ შეუძლებელი იქნება. ცალ ფეხზე დგომა დიდხანს არ გამოვა, არჩევანი კი ასე ცხადი და ამავე დროს ნეგატიური პერსპექტივის თვალსაზრისით ასეთი ბუნდოვანი არასდროს ყოფილა:
ევროპა გვეუბნება - ბიძინასთან ერთად საქართველოს ვერ ჩაიხუტებს, მაგრამ ახლა თუ ხელი არ გამოგვიწოდეს -შეიძლება დათვმა "ჩაგვიხუტოს."
აგერ სულ თაფლად დაიღვარა დღეს ლავროვი გრუზინების ხსენებაზე: - მალე 3+3 ფორმატის შეხვედრას ჩავატარებთ და მონატრებულ ქართველებს გაშლილი ხელებით ველითო..
მოკლედ: ან წინ მივდივართ ევროპული მომავლისკენ, ანუ შინ, ევროპაში, ოღონდ ბიძინას გარეშე, ან უკან, ბუნდოვან რეტროგრადულ წარსულში - ბიძინასთან ერთად, რუსული დათვის მკლავებში.