logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: როცა მშვიდობიანი პოლიტიკის ყველა კარი იკეტება..

30 ნოე 202518:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/30/9btgneenpms48n9.jpg

გუშინ გამთენიას მომხდარი შემთხვევა ერთი ადამიანის საქციელზე ბევრად მეტს გვიყვება. ალეკო ელისაშვილი დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით. შსს-ის ვერსიით, გამთენიისას, ნიღბიანი პოლიტიკოსი ჩაქუჩით ამსხვრევს მინას, შედის კანცელარიის სივრცეში, ასხამს ბენზინს დოკუმენტებსა და ტექნიკას და ცდილობს ხანძრის გაჩენას.

თავად ელისაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს კანცელარიის დაწვა სურდა, ამას უწოდებს პროტესტის ფორმას „უსამართლო სასამართლოს“ წინააღმდეგ და ამბობს, რომ შაბათი სწორედ იმიტომ აირჩია, რომ არავინ დაშავებულიყო.

ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომხდარის სრული სურათი. არ ვიცით, უსწრებდა თუ არა მომხდარს წინ რაიმე ფორმის პროვოკაცია, ვნახეთ მხოლოდ პროკურატურის მიერ დამონტაჟებული ვიდეო, ელისაშვილის თავს გადამხდარი თავგადასავლების, სუს-ის დღევანდელ პირველ პირთან კონფლიქტის და პოლიტიკური პოზიციების გათვალისწინებით მომხდარი ბევრისთვისაა მოულოდნელი, ჯერ კიდევ არის კითხვები, რომელზე პასუხის არ არსებობაც რეჟიმისადმი სრული უნდობლობის ფონზე მრავალ კონსპირაციულ თეორიას კვებავს.

თუმცა თუნდაც მხოლოდ ეს მოცემულობა, თანმიმდევრობა და გარემოებათა ჯამი მიუთითებს საგანგაშო რეალობაზე: - ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე იმდენად შევიწროებულია, რომ ბევრს აღარ აქვს განცდა, რომ დემოკრატიული და მშვიდობიანი მეთოდებით შესაძლებელია რეჟიმის შეჩერება ან ცვლილებების მიღწევა. პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები, სისხლისსამართლებრივი საქმეები, პარტიების აკრძალვის მცდელობები - ეს ყველაფერი ქმნის ატმოსფეროს, სადაც პროტესტის გამოხატვა და სტანდარტული ფორმებით ბრძოლა ან შეუძლებელი ხდება, ან მისი გავლენა უკიდურესად სუსტდება და აზრს კარგავს.

და თუ ყველაფერი ასეა, როგორც ამ ეტაპზე ოფიციალურად გვესმის, ელისაშვილის ეს ნაბიჯი უფრო სასოწარკვეთილი პოლიტიკოსის უკანასკნელ საპროტესტო ჟესტს ჰგავს, ვიდრე გათვლილი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილს.

მომხდარი პირველ რიგში არის სიგნალი რეჟიმისთვის:

ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს დიქტატურის საბოლოოდ დასამყარებლად, ტირანიის გასამეფებლად, თავად კეტავს სივრცეს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის და თავად უბიძგებს პროცესს იმ ზღვრისკენ, სადაც წინ წამოიწევს ირაციონალური მოქმედების ლოგიკა. ისეთივე ირაციონალური, როგორიც ამ მომენტისთვის ელისაშვილის მოქმედება ჩანს.

მოსუფთავებული ბრძოლის ველი, წნეხი, შეკუმშული თავისუფლების ჰაერი და ჩახშობილი პროტესტი ბოლოს რადიკალიზაციას იწვევს - რომელსაც ხან თავად ხელისუფლება „მართავს“ რეპრესიების ახალი ტალღის ,,ლეგიტიმაციისთვის“, ხან ვეღარ. როცა ,,ვეღარ“ - იწყება ის მდგომარეობა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არავისთვის აღარ მოქმედებს.

სწორედ ამიტომ - იქნებ ყველაზე დიდი გაფრთხილება სწორედ ესაა: სანამ ხელისუფლება მშვიდობიანი პოლიტიკის ყველა კარს კეტავს ელისაშვილის საქციელის შეფასება და რეჟიმის პასუხისმგებლობის დანახვა ერთმანეთს სწორედაც რომ არ გამორიცხავს - პირიქით, თუ გვინდა, რომ ხვალ უფრო მძიმე სცენარებს არ შევეჯახოთ, დღეს პირველ რიგში რეჟიმმა და მისმა კლიენტურამ უნდა გააცნობიეროს ვითარების სიმწვავე და საფრთხის მასშტაბები.


close დახურვა