ორსაათიანი საცობი დღის ნებისმიერ მონაკვეთში; უკიდურესად გაძვირებული სურსათი და საწვავი; ლამის გაორმაგებული ფასები სახელმწიფო სერვისებზე და ამავე სერვისების მოლოდინისთვის ასევე გაორმაგებული დრო და გაუარესებული ხარისხი. ყოველდღიურად გაზრდილი ძველი თუ ახლადდაწესებული გადასახადები…
იცანით ალბათ - ეს თბილისია, საქართველო - ერთ დროს, ამბიციური და დინამიური, აღმოსავლეთ ევროპის რეფორმების ავანგარდში მყოფი ქვეყანა, რომელმაც ყველაზე კორუმპირებულიდან სულ რამდენიმე წელიწადში კორუფციის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა ჯგუფში გადაინაცვლა; სახელმწიფო, რომლის პოლიციის რეფორმაზე, იუსტიციის სახლებსა და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების ხარისხსა და ეფექტურობაზე გადაჭარბების გარეშე გაკვირვებით და აღტაცებით საუბრობდნენ წამყვანი დასავლური ქვეყნების ლიდერები.
საინტერესოა დღეს სად ვართ... სად და მაჩანჩალა ქვეყნების რიგში, სადაც რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე ტარდება; ქვეყანა კორუფციის ჭაობში ეფლობა; ინსტიტუტები ინერციით მუშაობენ; ცხოვრება დაპაუზებულია; ყველაფერი უარესობისკენ მიდის: ხარჯი გვეზრდება, ცხოვრების ხარისხი კი საგრძნობლად უარესდება. ამისდა მიუხედავად მთავრობას და ბიუროკრატიას სულ უფრო მეტს ვუხდით.
ქვეყანა პოზიციებს და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზეც კარგავს. დღეს როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო უკრაინას ეხმარება, ჩვენი ხელისუფლება და მის კონტროლ ქვეშ მყოფი მედია ზელენსკის ლანძღვითაა დაკავებული. იმ ზელენსკის, რომელსაც 21-ე საუკუნის ჩერჩილად მოიხსენიებენ და მსოფლიო ლიდერები მასთან დასარეკად რიგში დგებიან. აი ჩვენთან კი მხოლოდ ევტუშენკოვები რეკავენ და ისიც მხოლოდ ბიძინასთან. თორემ მის მდივანთან, ანუ პრემიერთან, კონტაქტს რა აზრი აქვს. ევროპარლამენტარები მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატობას მხარს უჭერენ და დახმარებას ჰპირდებიან, საქართველოს კი მხოლოდ იმიტომ ახსენებენ, რომ ხელისუფლება გააფრთხილონ, პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს.
რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყანაში ბევრმა უკვე ხელი ჩაიქნია; დაკარგა მომავლის იმედი და პერსპექტივა; დაიჯერა, რომ აქ წარმატების მიღწევა და უკეთესად ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენს გარშემო ბევრი ტოვებს საქართველოს, მიდიან ევროპაში, შემდეგ მექსიკაში, აი მერე კი უდაბნოს გავლით ამერიკაში. ქვეყანა იცლება. რაც არის კიდეც ბიძინას მიერ მიტაცებული სახელმწიფოს და “დასაცობებული” მართვის შედეგი, რომელიც რაც დრო გადის უფრო მეტ თქვენგანზე აისახება. და თუ ყველა მართლა ხელს ჩავიქნევთ, თავს გაქცევით ვუშველით, უფლებას მივცემთ ხელისუფლებას, ღრმად ჩაგვიყოს ხელი ისედაც თითქმის გამოცარიელებულ ჯიბეებში და წაგვართვას სიმწრით მოპოვებული სარჩო-საბადებელი, ხვალ ყველაფერი ბევრად უარესად იქნება, ვიქცევით დაჭაობებულ სახელმწიფოდ, სადაც ცხოვრება აღარ ღირს, რადგან კარგი აღარაფერი ხდება.
ეს ხალხისთვის თორემ, ხელისუფლებაში მოკალათებული ოცნების ლიდერები და პარტიული აქტივი, გაზრდილი გადასახადებისა და კორუფციული გარიგებების ხარჯზე ჯიბეებსაც კარგად გაისქელებენ და ავტობუსის ზოლებშიც თამამად იმოძრავებენ ასევე გაჭირვებული ხალხის ფულით ნაყიდი ძვირფასი ავტომანქანებით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგრძელებულ საცობებს ოსტატურად აარიდონ თავი. მერე რა რომ თავად ქვეყანა საქართველო, მათი გადამკიდე ისტორიის საცობში იდგება.