logo
ENG



გიორგი კახიანი: ბოლო მომენტამდე ველოდეთ ვენეციის კომისიას

06 ოქტ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 
we7p9hyupw1zrns.png

ქართული ოცნების ლიდერი, გიორგი კახიანი ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებაც ვენეციის კომისიის დასკვნის არდალოდებაზე იმით პასუხობს, რომ "ბოლო მომენტამდე ელოდნენ" მათ. ჟურნალისტებთან საუბარში კახიანმა განმარტა, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ან უნდა მიეღო პროექტი, ან - არა.

"ბოლო მომენტამდე ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონპროექტი მივიღეთ პლენარული სხდომების ბოლო დღეს. ანუ, იმის მერე, ფაქტობრივად, პლენარული სხდომები არ იმართება.

ეს მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეს. აქედან გამომდინარე, საკითხი ასე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ამ მოწვევის პარლამენტს ეს კანონპროექტი, ან უნდა მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გუშინ, 5 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებული კანონი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო:

"სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა".

პარლამენტმა ბოლო პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი. კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.

 


close დახურვა