logo
ENG



გიორგი რურუას პროცესი დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

01 ივლ 202008:07
3 წუთის საკითხავი
clock 775

„მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ასევე დღეს, სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი. რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზეც აუცილებლად გამოიკვეთება საქმის ის დეტალები, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებს.

„დღეს სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. ასევე, მოხდება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. ვფიქრობთ, რომ ამ სასამართლო პროცესზე მივიღებთ იმ ინფორმაციას, რაც ადასტურებს გიორგი რურუას უდანაშაულობას და იმ გარემოებას, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, იდევნება მხოლოდ მისი სამოქალაქო აქტივიზმისთვის და ტელეკომპანია „მთავარ არხში“ განხორციელებული ინვესტიციისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც. როგორც მან  "ფორმულასთან" ინტერვიუში ათქვა, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.


close დახურვა