logo
ENG



გირჩმა კანაფის კულტივირების შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

25 იან 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

"გირჩის" მორიგი ინიციატივა კანაფის კულტივირებას ეხება. პარტიამ ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი უკვე შეიტანა.

"გირჩი" მიიჩნევს, რომ 19კგ-მდე კანაფის კულტივირებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული აღარ უნდა იყოს. კონსტიტუციური სარჩელის თანაავტორის, ლევან ჯგერენაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურია, არცერთი კანონიერი გზა არ არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს ისე, რომ არსებული კანონი არ დაარღვიოს. 

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს შესაძლოა, დაეკისროს არასაპატიმრო სანქცია და დარჩეს ნასამართლევის სტატუსი, თუმცა ის ციხეში არ წავა. უფრო კონკრეტულად პატიმრობის ნაცვლად რა ფორმა უნდა იყოს გამოყენებული ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. „გირჩში" აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ. ისინი მიუთითებენ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცველები მოქალაქეებს კანაფის ნებისმიერი რაოდენობის ქონის გამო დევნიან, რაც ერთგვარად მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირდება. 

მარიხუანას მოხმარების ლეგალურობის პირობებში, კულტივიზაციაზე პატიმრობის გამოყენება, რომ არასწორია ამას აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და კანონპროექტი შესაბამისობაში მოიყვანოს. 
 
„გირჩის“ ინიციატივას უმრავლესობიდან მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კულტივირების გამო უნდა იყოს თუ არა გამოყენებული პატიმრობა კონკრეტული პასუხი არ აქვს. 

როგორც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან, ასევე კულტივაციასთან და სასჯელის ფორმებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ დრომდე უცნობია. "გირჩი" იმედოვნებს, რომ პასუხი ავთანდილ მეტრეველის დასკვნით სასამართლომდე გახდება ცნობილი და კანაფის კულტივირებაში ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა არ შეეფარდება.

 

 


close დახურვა