მაჩალიკაშვილების ოჯახის 2-წლიან პროტესტს ხელისუფლებამ უარით უპასუხა. სპეცრაზმელის მიერ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე პროკურატურამ დახურულად გამოაცხადა, მოკლული მაჩალიკაშვილი კი ტერორისტების თანამზრახველად.
საგამოძიებო უწყების ვერსიით, მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს დამნაშავეები არ ჰყავს. პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ხელყუმბარაა, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ლოგინში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ეჭირა და სპეცრაზმელმაც მას უსაფრთხოების მიზნით ესროლა. პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 26 დეკემბერს, არც სპეცრაზმელებს და არც სპეცოპერაციის ხელმძღვანელობას შეცდომა არ დაუშვიათ.
მოკლულის ოჯახისთვის პროკურატურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების გულგრილობას 2 წელია ქუჩიდან უყურებს. ის ძალოვან უწყებებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს და დანებებას არ გეგმავს.
პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ საქმეში არც სუს-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთა და ის სპეცოპერაციის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა. პროკურატურის ბრიფინგს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. გოგაშვილი, რომელიც პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, წერს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს მაჩალიკაშვილის და ჩატაევის საქმის მასალები გაასაჯაროვოს და „ნაციონალური მოძრაობა" ISIS-ის ტერორისტებთან კავშირში ამხილოს.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველები აანონსებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა ევროსასამართლოში გაგრძელდება.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ 2 წლის განმავლობაში არაერთი სისტემური პრობლემა ამხილა - შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცეული სახელმწიფო სტრუქტურები. მმართველი პარტია კი ძალოვანი უწყებების მუშაობით კმაყოფილია.
2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, საკუთარ სახლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აანონსებს, რომ ევროსასამართლოს განხილვებს საპროტესტო კარვებში დაელოდებიან.