logo
ENG



გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს

01 სექ 202215:34
3 წუთის საკითხავი
 
გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს.

მორიგ წერილში ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი რუსთავის ციხიდან სასამართლომდე გადაადგილება "სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს შეიცავს".

"მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ "მტკიცებულებებზე", რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისი ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ მასკარადში, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროებ.

ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს"- ამბობს გოგაშვილი.

 

***

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღით ადრე კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შეისწავლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა და 21 ივლისს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის მეორე ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზირებაზე.

გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. 

დოკუმენტის ბოლო, მესამე ნაწილში სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების საარჩევნოდ მობილიზების გზებია აღწერილი.

26 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში კი  გოგაშვილი წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით სცემეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს 2017 წელს "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო", ასევე, ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.

თუმცა, მისი თქმით, ორივე შემთხვევის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო". 

11 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში გოგაშვილმა განაცხადარომ ციხეში ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო. როგორც გოგაშვილი ამტკიცებს, მისგან სასურველი ჩვენების მიცემას მოითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, მისი ოჯახი დაიცვან.

12 აგვისტოს კი, მისი თქმით მუქარა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო. გოგაშვილის თქმით, გომელაურმა გააფრთხილა, "მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია".

17 აგვისტოს გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს.

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი".

ამასთან დაკავშირებით მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.


close დახურვა