კიდევ ერთი სკანდალი სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით - სუს-ის უფროსის მოადგილემ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელიც, მისი მტკიცებით, მასსა და გომელაურს შორის საშუამავლოდ შეირჩა. პატიმარი ირწმუნება, რომ ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა ციხეში შეხვედრის დროს ხელისუფლების დანაბარები გადასცა - გოგაშვილს ხელისუფლებისთვის მტკივნეულ საკითხზე - აფგან მუხთარლის საქმეზე საკუთარი სიტყვები უკან უნდა წაეღო. მჭედლიშვილი არ უარყოფს სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილესთან აუდიენციას, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს გომელაურთან. ადვოკატის განმარტებით, გოგაშვილთან შესული იყო როგორც ადვოკატი, მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გოგაშვილი ციხეში ყოფნის დროს გომელაურთან კომუნიკაციას აღწერს.