ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ იქ, სადაც ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, მუშები პოლიციის მანქანით გადაჰყავთ, ვინაიდან უშუალოდ ენკას მანქანებს "რიონის მცველებმა" გზა ჩაუკეტეს და შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
"ჩვენი საპოლიციო ძალები კომპანია "ენკასთვის“ ოფიციალურ გადამზიდად იქცნენ. დღეს ვხედავთ, გაიარა კოლონამ, უშუალოდ პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები-მუშები. რადგან ვზღუდავთ კომპანიის ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გატარებას, ამ ხერხს მიმართეს - პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს კომპანიის მუშახელი". - თქვა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები არ აპირებენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ.
" ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა. მისი ფუნქცია არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავის მანქანით ატაროს". - ამბობს ის.
მისივე განცხადებით, "რიონის მცველები" ეცდებიან, ბარიკადების მეორე მხარეს გადავიდნენ.
"მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, ტექნიკა მეორე მხარეს რომ არ გადაიყვანონ, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას". - თქვა გოლეთიანმა.
"რიონის მცველებმა" ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების ადგილამდე მისასვლელი გზა 4 მხრიდან ჩაკეტეს.
მათ გუშინ, 30 მაისს ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამის შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რკინის ჯებირთან მოხდა. დააკავეს აქციის 1 მონაწილე.