logo
ENG



გოლეთიანი: ამ ეტაპზე, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა

23 აპრ 202123:23
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: ამ ეტაპზე, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა
ვახო ქარელი/ფორმულა

ნახავანჰესის მოწინააღმდეგე აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, მთავრობა ხვალ 12:00 საათზე გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც მათ პირობებზე იქნება პასუხი. გოლეთიანის თქმით, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული მათი სამომავლო გეგმები.

"ჩვენთან დღეს კონტაქტზე გამოვიდა ბატონი ლერი ბარნაბიშვილი, პრემიერის რწმუნებული, იყო მცდელობა იმ პირობების სანახევროდ შესრულების მათი მხრიდან, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ, ითქვა, რომ ნაწილობრივ აიღებენ ისევ ამ ბარიკადებს იმ თვალსაზრისით, რომ მოგვეცემა გადაადგილების საშუალება შეზღუდული რაოდენობით ადამიანებს, საუბარი იყო 30-დან 40 კაცამდე.

ასევე, სამუშაო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად, გზის მშენებლობაზე აქვთ მათ აქცენტი გაკეთებული, თუმცა ჩვენთვის ეს ერთიანი პროცესია. კარგად ვიცით, რომ გზა იქ იმიტომ შენდება რომ ჰესი უნდა აშენდეს. ჩვენ როდესაც შევხვდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში, შევთანხმდით იმაზე, რომ ჰიპითეტურად თუ განვიხილავთ იმას, რომ ჰესი, შესაძლოა, არ აშენდეს, ბუნებრივია, გზის მშენებლობაც საჭირო აღარ არის. ახლა დაყენებული საკითხი ისე, რომ გზის მშენებლობა ჩვეულებრივად გაგრძელდეს, უბრალოდ ლოგიკური არ არის და ჩვენ ამ პირობას, ცხადია, ვერ დავთანხმდებოდით ამ ფორმით.

ამ ეტაპზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული და თქვეს, რომ ხვალ 12:00 საათამდე გავრცელდება ოფიციალური განცხადება, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ველოდებით ხვალ 12:00 საათამდე მათ პასუხს. როგორც მივხვდი, ჩვენთან აღარ გამოვლენ კონტაქტზე, წერილობით გაავრცელებენ განცხადებას", - ამბობს გოლეთიანი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 15 აპრილს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გოლეთიანმა თქვა, რომ მათ სამი პირობა აქვთ: ბარიკადები აიღონ, ხეობაში სამუშაო პროცესი შეჩერდეს და ნამახვანში კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება მიეცეთ. მათ ხელისუფლებას დრო 23 აპრილამდე მისცეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 


close დახურვა