logo
ENG



გოლეთიანი: გვაქვს ინფორმაცია, რომ დაპირისპირებული ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში

15 აპრ 202115:20
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში იკრიბებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები და ადგილზე ვითარება შესაძლოა დაიძაბოს. 

როგორც გოლეთიანმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ეს ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მიაწოდეს, თუმცა, გოლეთიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. 

"ყველანაირ პოლიტიკურ ჯგუფს ვემიჯნებით. ამ მიმართულებით წითელი ხაზი გვაქვს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს აქციებზე პარტიული სიმბოლიკებით ან პარტიული მოწოდებებით გამოცხადდეს. თუ აქციაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით დადგება ვინმე, ამას ვერ შევზღუდავთ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში. პოლიციასაც მივმართეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ განგვიცხადეს, რომ შესაბამისი ზომების მიღებას არ აპირებენ. ჩვენ შეიძლება დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ჯგუფებს შორის შეიძლება ურთიერთობა აქ დაიძაბოს, მაგრამ ამ ნაწილშიც მათ გავემიჯნებით. თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოვითხოვთ, რომ ადგილი დატოვონ. ჩვენ მათთან იდეურ და მით უმეტეს საქმიან თანამშრომლობას ვემიჯნებით ყველა ასპექტში", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა