მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის მიერ გამართული პრეზენტაციის შემდეგ მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მთავარ საფინანსო დოკუმენტის ჩასწორებულ ვერსიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 4%-იანი შემცირებაა გათვალისწინებული.
მთავრობა დღეს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს წარადგენს. მასში ყველა ის პროგრამა იქნება გათვალისწინებული, რომელიც კორონავირუსს და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვას უკავშირდება.
საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე გაიმართება ბიუროს განმეორებითი სხდომა და სწორედ აქ მოხდება ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დარედაქტირება. ამავე ბიუროს სხდომაზე გაიწერება საკომიტეტო მოსმენების გრაფიკი. სწორედ საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში იმუშავებენ დეპუტატები დოკუმენტზე, შემდეგ ის უკან დაუბრუნდება მთავრობას ჩასასწორებლად და ამის შემდეგ გაიმართება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალურ დახმარებებს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები კიდევ ერთი თვე ვერ მიიღებენ.
სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები დაგვიანებულია და ბიუჯეტი არაა მოქალაქეზე მორგებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი დაგვიანებულია.
„როგორც იქნა ქვეყანას ეშველა და შემოვიდა ნანატრი ბიუჯეტი. ნუ გვავიწყდება, რომ დახმახრება ეს სესხია და 5 მილიარდი ლარი ისესხა საქართველოს მთავრობამ. რა თქმა უნდა, რომ არა ეს ფული, ჩამოიშლებოდა მთელი ეკონომიკა, მაგრამ როდესაც სესხულობ ამ ოდენობის ფულს, თითოეულ თეთრს უნდა გაუფრთხილდე. რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, დღეს პრეზენტაცია მოვისმინეთ, ბიუჯეტის ამ ხუთმილიონიანი რესურსების ფლანგვას ვისმენთ ფაქტობრივად. დაგვიანებულია ეს. დაგვიანებული ბიუჯეტი ნიშნავს ძალიან ბევრი ადამიანის შიმშილობას, დაგვიანებული ბიუჯეტი ნიშნავს ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის განუხორციელუბლობას“, - განაცხადა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან გადასახადების დაწევაა.
„პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვესაც ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სერიოზული გეგმა არც ხალხის დახმარების, არც ამ კრიზისიდან გმაოსვლის. რაზედაც საუბრობენ იმის მეათედიც არაა ჩადებული ბიუჯეტში. რა დახმარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ეს დაგვიანებული და არასაკმარისია. ერთადერთი რაც უშველის ამ ქვეყანას, ეს გადასახადების დაწევაა, ეს არის რეალური კონკრეტული ადამიანებისთვისაც და ბიზნესისთვისაც“, - განაცხადა რატიანმა.
ასევე დაგვიანებულს უწოდებს დოკუმენტს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ადამიანებმა დახმარება აუცილებლად უნდა მიიღონ.
„უდაოდ დაგვიანებული დოკუმენტია იმიტომ, რომ როდესაც ეპიდემია იყო მწვავე ფაზაში და ადამიანები იყვნენ იზოლირებულები როგორც სხვა ქვეყნებმა მოახერხეს სოციალური დახმარების გაწევა მოკლე დროში, რაც ეფექტური იყო, ახლა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეს დახმარება ადამიანებმა არ მიიღონ“, - განაცხადა ბესელიამ.