logo
ENG



გრეგოროვა: ოცნების თქმით, დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, რაც ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის

09 ნოე 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შესწორებები არ შესულა, თუმცა დოკუმენტის პლენარულ სესიაზე გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს შესწორებები კვლავ გაჩნდეს.

გუშინ, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დამტკიცებულ ანგარიშში არ არის საუბარი ბიძინა ივანიშილის სანქცირებაზე, თუმცა ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ევროპარლამენტარი გრეგოროვა ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ EU-ის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციიდან დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, თუმცა ოცნებაში აცხადებენ, რომ მას არ შეეხება ანტიოლიგარქიული კანონი, ქმნის ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას".

"იყო რამდენიმე შესწორება ივანიშვილის შესახებ, მაგრამ ისინი არ გავიდა, შესაბამისად, ეს შესწორებები, ამ დროის მონაცემებით, არაა დასკვნაში. შესაძლოა, ეს შესწორებები ისევ გაჩნდეს დასკვნაში, თუ ჯგუფები რომლებმაც ეს შესწორებები მოითხოვეს, დააყენებენ მაშინ, როდესაც დასკვნა გავა პლენარულ სესიაზე ხმის მიცემისას რამდენიმე კვირაში.

ზოგადად, დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი იმ 12 პუნქტიდან, რომელთა შესწორებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ვისაუბრებთ საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებულ ანტიოლიგარქიულ =კანონზე, მე ჯერ არ მინახავს ინგლისური თარგმანი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ის უკრაინული კანონის ასლს წარმოადგენს, გარდა მცირე ცვლილებებისა, ხოლო უკრაინულმა კანონმა გარკვეული კრიტიკა მიიღო, რადგან იქიდან გამომდინარე, თუ როგორაა ის დაწერილი, შესაძლებლობა ჩნდება მისი ბოროტად გამოყენების, მათ შორის ოპოზიციის ან კონკრეტული პირების სასამართლო დევნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ანტიოლიგარქიული კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონის განსაზღვრებით არის ოლიგარქი, ეს რა თქმა უნდა, თვლის ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს კანონმდებლობა, იქნება თუ არა ის ბოროტად გამოყენებული. ეს ყოველივე გამოიწვევს შეშფოთებას ევროპარლამენტში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული ქართველ კოლეგებთან", - ამბობს გრეგოროვა ფორმულასთან ინტერვიუში.

***

გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.

დოკუმენტში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია.

ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

ევროპარლამენტართა მხარდაჭერილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე" და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს".


close დახურვა