logo
ENG



გრიგოლია სააკაშვილზე: კლინიკაში თუ ვერ გამოასწორეს მდგომარეობა, ციხეში როგორ გაუმჯობესდება

23 მარ 202312:15
3 წუთის საკითხავი
 

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანა  ჯანმრთელობის გაუარესებას დააჩქარებს.

როგორც ის აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაცილებით მძიმეა, ვიდრე კლინიკაში შეყვანისას იყო.

"ციხეში გადაყვანა ძალიან სწრაფად დააჩქარებს ყველაფერს. 10 თვეა მკურნალობს ამ კლინიკაში და გამოწერისას, თუ გამოწერეს ამ კლინიკიდან, მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე შესვლისას იყო. კლინიკამ თუ ვერ გამოასწორა მისი მდგომარეობა, ციხეში რა მოხდება, რად უნდა ამას ბევრი ფიქრი. შიდა სამზარეულო არ ვიცი ამ კლინიკის, პასუხისმგებლობის მოხსნა უნდათ თუ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და არ უნდათ ამ პაციენტის მკურნალობა... ცოტა ძნელია ჩემთვის. საავადმყოფოში თუ ვერ გააუმჯობესეს მდგომარეობა, ციხეში რანაირად გაუმჯობესდება?" - თქვა გრიგოლიამ.

კლინიკა ვივამედი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "სავარაუდოდ, იძულებულები" ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.

 

კლინიკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამაც და აღნიშნა, რომ ვივამედი გადაწყვეტილებებს იღებს არა დამოუკიდებლად, არამედ პენიტენციური სისტემის ბრძანების შესაბამისად. ალასანიაც ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში დააბრუნებენ.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, ციხეში ან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანონ.

***

სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა