დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივარი შეიტანა და აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, დასაბუთება, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არის ზოგადი და ბრალდების მხარის არგუმენტები არაა საკმარისი იმისთვის, რომ გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდოს.
სააპელაციო სასამართლოს 72 საათი აქვს საჩივრის განხილვისთვის და ამ ვადაში გადაწყვეტს, დანიშნავს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ სხდომას.
“ერთ-ერთი დასაბუთება იყო, რომ ის გახლავთ არაკანონმორჩილი მოქალაქე, წარსულში პასუხისგებაში მიცემული და რა თქმა უნდა, იმის შეფასება, რომ ის არაკანონმორჩილი მოქალაქეა, ახლა იყო სრულიად ზედმეტი და უსაფუძვლო. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ის პასუხისგებაშია მიცემული, პასუხისგებაში მიცემული არის 2.5 წლის წინ და 2.5 წელია არანაირი დარღვევა არ ჰქონია.
რაც შეეხება იმ აღიარებას, რომ ბრალი აღიარება მისცა: პირველი, ბრალდებულის აღიარება ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მეორე, მე არ ვიცი, არც ბრალის წარდგენას და არც ჩვენების მიცემას თუ რა ვითარებაში მისცა ჩვენება და აღიარა ბრალი” - აცხადებს აქტივისტის ადვოკატი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა.
"სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე." - განაცხადა კოპალეიშვილმა.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.