logo
ENG



გრიგორიადისის დედა: ვფიქრობთ, რომ ლაზარეს სასამართლო არ გაამართლებს

14 იან 202414:24
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის აზრით, ლაზარეს სასამართლო არ გაამართლებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"ჩემს ოჯახს და მე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თუ ლაზარეს გაამტყუნებდნენ, შემდეგ აუცილებლად მივმართავდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ხვალ იქნება დაცვის მხარის, მოწმეების დაკითხვა, ასე რომ, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს.

მოლოტოვის კოქტეილს ისროდაო ამბობენ და არსად არ ფიქსირდება. ფეიკ ვიდეო გვანახეს და ხალხს ამით დაგვაჯერეს, რომ ლაზარე ისვრის, მაგრამ პროფესიონალებთან რომ გავიარეთ ეს საკითხი, ლაზარეს ფოტო არის ამოწეული და გვანახეს, რომ ვითომ ეს ლაზარე იყო. იმ მასაში ვერ ამოიცნობ, ვინ რა ისროლა. ვიღაც სჭირდებოდათ, რომ დაესაჯათ, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს და ლაზარე ამოირჩა ამ მასაში.

ველოდებით განაჩენის გამოტანას, დასრულდეს პროცესი და შემდეგ აუცილებლად შევხვდებით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვისაუბრებთ ლაზარეს თემაზე. სავარაუდოდ, სტუდენტებისგან უკვე ბევრი სმენია ლაზარეზე, აქვს ინფორმაცია და ჩვენც აუცილებლად ვნახავთ", - თქვა გრიგორიადისის დედამ.

ხვალ ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. 

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა