ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ლაზარე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს.
"მე მქონდა ის განცდა, რომ ქალბატონი სალომე ლაზარეს შეიწყალებდა და საღამოს გადაცემაში გავიგე ეს ამბავი. ყურში მესმოდა და ცოტა უჩვეული, ემოციური იყო. ძალიან გამეხარდა, მაგრამ ველოდი.
დღეს ველოდით, რომ გამოუშვებდნენ. იყო ასეთი ხმა, მაგრამ ველაპარაკე ადვოკატს და სამი სამუშაო დღე გვითხრეს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოუშვებენ ლაზარეს", - აცხადებს კალანდაძე.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან გუშინ, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.
2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.