logo
ENG



გრიგორიადისის მამა: ახლო მომავალში დავაანონსებ აქციას

09 აპრ 202320:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/w0vjd74lgf7k0ar.png

ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, ახლო მომავალში აქციას დააანონსებს, რომელიც მისი შვილის მხარდასაჭერად გაიმართება.

ამის შესახებ გრიგორიადისმა აქციაზე განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მიმდინარეობს.

"დღევანდელ სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გაასამართლონ? მურუსიძის სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გასამართლდეს? რომ მქონოდა ნორმალური სასამართლო, წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემ შვილს. იმიტომ, რომ ვიცი, ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია, მე ლაზარეს ვიცნობ.

მე, მე მგონი, ახლო მომავალში დავაანონსებ აქციას. ისეთ აქციას, რომელზეც მოვა განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ყველა ასაკის ადამიანი, ვინც ღელავს უკანონო პატიმრების გამო", - თქვა გრიგორიადისის მამამ.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა