პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები კი უკვე სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში მიიღო, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ ემიჯნებიან ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, პირველ რიგში საჭიროა, რომ პოლიტპატიმრების შეთანხმების ნაწილი სრულად შესრულდეს და სასამართლომ გიორგი რურუა გაათავისუფლოს.
„გარდა ივანიშვილის მორჩილი პოლიტიკური გუნდისა, ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ნათელი იყო, რომ დადებული პირობის შესრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ მეტნაკლებად ნორმალური პოლიტიკური გარემო მიგვეღო. არავინ აპირებდა, რომ ეპატიებინა პირობის მეორედ შეუსრულებლობა და ნათლად დადგა მკაცრი სანქციების საკითხი. უცაურია, რომ ამ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიესალმა როგორც ქართული ოპოზიცია, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ევროკავშირის ელჩი, სენატორები, ევროპარლამენტარები, გაემიჯნა ქართული ოცნება და დაიწყო თავის მართლება, რომ ამასთან კავშირი არ აქვთ. ეს მათი პოლიტიკური ტაქტის საკითხია. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ველოდებით შეთანხმების ბოლომდე შესრულებას - გიორგი რურუას გამოშვებას “,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შეთანხმება სრულად შესრულდება, პროცესები გაგრძელდება, იმისთვის რომ შეთანხმების მეორე პუნქტიც შესრულდეს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება.
„გუშინ იძულებული გახდნენ, გამოეშვათ ბატონი უგულავა და ოქრუაშვილი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირობა ბოლომდეა შესასრულებელი და გამოსაშვებია ბატონი რურუა ციხიდან, აქედან გამომდინარე ბუნებრივია პროცესი გაგრძელდება. ახლა მეორე პირობაა შესასრულებელი - ინსტიტუციური ცვლილებები და ეს გარემო განაპირობებს იმას, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება“, - აცხადებს გიორგი გუგავა.
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათს, 18 მაისს არის ჩანიშნული ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ რურუას სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლებენ. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ასევე 18 მაისს არის ჩანიშნული მათი მორიგი შეხვედრა, სადაც ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.