ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა გალერია თბილისშიც. მიუხედავად რადიკალური ჯგუფების მცდელობისა, სეანსებზე ხალხი მივიდა. ჩვენებამდე ერთი საათით ადრე სავაჭრო ცენტრთან სასულიერო პირები გამოჩნდნენ და პარაკლისი გადაიხადეს. მოგვიანებით ადგილზე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილიც მივიდა. ფილმის დასრულების შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფალავანდიშვილის განცხადებით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ის პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს. დაფინანსებისთვის ფულის მოგროვებას კი ქუჩებში დადგმული ყულაბებით აპირებს. ფალავანდიშვილი პოლიტიკურ მოძრაობაში თანამოაზრეებად დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ლევან ჩაჩუასა და ლევან ვასაძეს განიხილავს.
„ქუჩის მოძრაობა დაგვრჩა ჩვენ, რომელიც ცუდია ჩვენთვის და დამღლელი, მაგრამ ეს დაგვრჩა ჩვენ რომ ქუჩა გადავკეტოთ სადღაც და პერმანენტული აქციები ვაწარმოოთ არჩევნებამდე. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ადგილი, მაგალითად თავისუფლების მოედანი, სადაც ყოველ საღამოს 07:00-დან 10:00 საათამდე მოვალთ და გვექნება ბრიფინგები და ერთ 700 კაცს ყოველთვის ვნახავთ ვინც იქ ყოველდღე იდგება“,-განაცხადა, გურამ ფალავანდიშვილმა.
გალერეა თბილისთან აქციაზე იდგნენ სასულიერო პირებიც.
„ფილმი გადის უკვე სამი დღეა, სადაც ხდება ცოდვის პროპაგანდა, ჩვენი აქ მოსვლის მიზანი ის არის, რომ ჩვენ ერს ეკლესიამ კიდევ უთხრას სათქმელი, რომ ცოდვას მოვერიდოთ“,-განაცხადა, დეკანოზ დავით ნოზაძემ.