logo
ENG



დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრი: ჩეხეთის მოქალაქეს კორონავირუსი ჩეხეთში დაუდასტურდათ

16 მარ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
gkpu9pr60heiphn.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპიკერი ანი კასრაძე გუდაურში, კაფე „მთვრალი ალუბლის“ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი საქართველოში არ დაუდგინდათ.

კასრაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.

ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან.

საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - აცხადებს კასრაძე.

კაფე „მთვრალი ალუბალი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ კაფეში მყოფი 6 ჩეხი ტურისტიდან 3 მათგანი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 

საპასუხოდ კი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი ჩეხი ტურისტი არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა