logo
ENG



დავით-გარეჯის საქმეზე მომუშავე კომისიის ყოფილი წევრის სახლსა და ოფისს ჩხრეკენ

01 ოქტ 202015:14
3 წუთის საკითხავი
clock 554
jsij3i0jqpiz55l.jpg

სამართალდამცველები 2006-2017 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისს ჩხრეკენ. ინფორმაცია ფორმულას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

გარდა ამისა, მელაშვილი გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.

მელაშვილი ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

ასევე 29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უსაუბრია, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.

საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. 

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. იგი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობისას ყველა სადავო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ.



close დახურვა