ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მხარეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მაგიდას დღეს საღამოს ექვსი საათისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ მიუსხდებიან. მთავარი განსახილველი თემა საარჩევნო სისტემაა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი ძალა ვერ ასაბუთებს გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობას. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ გაჟღერდება შეხვედრაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებიც იყვნენ წარმოდგენილნი და იღებდნენ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი პოზიცია იქნება უცვლელი, რომ აუცილებელია ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები. კიდევ ერთხელ დავაყენებთ საკითხს, რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას გერმანული მოდელის საწინააღმდეგოდ. ვერ ვისმენთ არგუმენტს, გარდა თითიდან გამოწოვილისა, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არაკონსტიტუციურობის დასაბუთება არ მოგვისმენია არავისგან“, - ამბობს დავით ბაქრაძე.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. მისი თქმით, ფორმატის დადგენაში ოპოზიციის წვლილი ძალიან მცირეა, თუმცა ისინი ამჯერადაც დააყენებენ საკითხს, რომ სამოქალაქო აქტივისტებიც ჩაერთონ განხილვაში.
„ამ შეხვედრაში და, როგორც სოკრატე იტყოდა, მშობიარობაში შევეცდებით, რომ „ქართული ოცნება“ ვამშობიაროთ, რომ მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ შეჩერდება, პროტესტი გაგრძელდება. ამ ფორმატის ავტორები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ოღონდ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით. ფორმატის დადგენაში ჩვენ მინიმალურად ვმონაწილეობთ. ჩვენ წინა შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხი და ამ შეხვედრაზეც დავაყენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა ჩვენი ინფორმაციით სწორედ ქართული ოცნება ჭედავს", - აცხადებს უგულავა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიალოგის ფორმატი ადეკვატურად უნდა აითვისოს პოლიტიკურმა სპექტრმა. რომან კაკულიას თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა წავიდნენ დათმობებზე.
„როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, ეს ნიშნავს მზაობას დათმობის. ეს ორივე მხარეს მოუწოდებს, ეძებონ საკუთარ თავში დათმობის რესურსები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს", - განაცხადა რომან კაკულიამ.