სენაკის II ბრიგადის ჯარისკაცი, დავით ხვიბლიანი ამბობს, რომ ყაჩაღობის საქმის გამოძიების შემდეგ სასამართლოს მიმართავს.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ის არის 21 ოქტომბერს ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველი,
კონკრეტული ადამიანები ავრცელებენ თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით".
"რა სისულელეა, რა თანამზრახველი. ეს რატომღაც კონკრეტულმა ადამიანებმა გაავრცელეს, რათა თავდაცვის სამინისტროს მიაყენონ შეურაცხყოფა. კარგი, ამაზე არ ვლაპარაკობ, ამას მიეხედება, როგორც საჭიროა. არანაირად არ არის ეს კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. ჩემს ადვოკატებს აქვთ ეს საქმე და მე მელოდებიან. სასამართლოს მივმართავ გამოძიების დასრულების შემდეგ. ]არ მინდა, გამოძიებას ხელი შევუშალო". - თქვა ხვიბლიანმა ფორმულასთან.
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 ოქტომბრის საღამოს თქვა, რომ მისთვის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი ჯარისკაცი, ბადრი ესებუა დაესხა. მისი თანამზრახველი კი ერთ-ერთი მძევალი, მოქმედი სამხედრო, დავით ხვიბლიანი იყო - ის ერთ-ერთია იმ სამ მძევალს შორის, რომელიც თავდამსხმელმა მაშინ წაიყვანა, როცა ბანკის შენობა ფულთან ერთად დატოვა.
ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ამბობს, რომ მისი ძმა ახლა თბილისშია და კომენტარს სავარაუდოდ, ხვალ, 27 ოქტომბერს გააკეთებს.
თავად ბადრი ესებუას ბრალდებებს არ გამოხმაურებია.
ზუგდიდში გუშინ, 25 ოქტომბერს ჩასული იყო შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი ორი მოადგილე, კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრას ესწრებოდა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავაც, რომელიც თავდამსხმელს მოელაპარაკა, მოთხოვნილი თანხა - 500000$ მიუტანა და ერთ-ერთი მძევალიც ჩაანაცვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
თუმცა, შსს თავდამსხმელის არც ინიციალებს ავრცელებს და მედიებსაც მოუწოდებს, "თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს".
სხვა კომენტარი უწყების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.
მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.