პროტესტის ნიშნად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. საუბარია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორზე, პოლიციის მაიორ გიორგი ბერიშვილზე.
ბერიშვილის თქმით, დაკავებული ლექსო რაფავა მისი მეგობარია და მისთვის მიუღებელია ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია.
"სამსახური დავტოვე ლექსო რაფავას გამო, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი. ეს იყო ჩემი მიზეზი სამსახურიდან წასვლის. ამიტომ ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის მიუღებელია, ასეთი ქმედებები", - განაცხადა ბერიშვილმა.
გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წებრის თენგიზ გუნავას თქმით, რაფავას დაკავების შემდეგ, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს უნდა თანამდებობის დატოვება. გუნავა ამბობს, რომ ისინიც უახლოეს დღეებში გააკეთებენ განცხადებებს.
"გიორგი ბერიშვილი გადადგა, დაწერა პატაკი თანამდებობიდან წასვლაზე. ყოვლად მიუღებელია მისთვის, რაც მოხდა ხობში რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს და დაუდეს მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. ჩვენ გვაქვს კიდევ ინფორმაციები, რომ რამდენიმე პოლიციის მუშაკი, ისევე, როგორც გიორგი, სოლიდარულია და წარმოგიდგენთ, როდესაც ისინი იქნებიან მზად ამისთვის", - ამბობს გუნავა.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა რევაზ ლაზიშვილმა, ჭაბუკა რაფავამ და ომარ არქანიამ.
სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.