დავით გარეჯას საქმის მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემაში "ღამის კურიერი"განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის სექტემბერში დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პრობლემა იყო შექმნილი.
ხიდაშელის თქმით, ივანიშვილმა დეტალებში გასარკვევად თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა.
"ივანიშვილს პირველად 2017 წელს შევხვდი. მაგის მერე ხშირი კავშირი არ მქონია - დაბადების დღეს მივულოცავდი და თავადაც მილოცავდა. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მომიყვა, რომ პრობლემები შეგვექმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა. რომ ჩავეძიე, რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება მითხრა, რომ დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და ის გეტყვით, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, მან იცოდა ვინც იყო ბიძინა ივანიშვილი და გაუკვირდა მსგავსი რესურსების მქონე პიროვნება მას რომ მიმართავდა დახმარების სათხოვნელად.
"მაგის რესურსების მქონე კაცი, რომ მე მომთხოვს რუკას, წარმოვიდგინე, რომ ძალიან ცუდად არის საქმე. როდესაც დავიწყე ჩაძიება, დავრწმუნდი, რომ ფულით ეს საქმე არ გადაწყდებოდა", - განაცხადა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, დავით ხიდაშელისა და რუკების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს, გიორგი თარგამაძემ თავისივე საავტორო გადაცემაში გაასაჯაროვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილესი რუსული კორპორაციის სისტემას ვიცე-პრეზიდენტი იყო ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.
ამასთან, ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მალხაზ მიქელაძის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტების მიერ გვერდზე გადადებული 1936-1938 წლების რუკა 2018 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გამოუსადეგრად მიიჩნია. ამის მიუხედავად, ჯანელიძე პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".