logo
ENG



დავითაშვილი: პანდემიის დროს ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ჩვეულებრივი ამბავია

10 დეკ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცვლილებები მუდმივად ხდება და "ეს ჩვეულებრივი ამბავია". 

"სულ ხდება განახლება. მათ შორის, პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია", - ამბობს ის.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება, დავითაშვილმა თქვა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება იყო და დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჟურნალისტებმა მას მიმართონ.

"ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება. თვითონ გააკეთა კომენტარი ამაზე, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ ასევე ქალბატონ ეკას შეგიძლიათ ჰკითხოთ", - თქვა დავითაშვილმა.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 

 


close დახურვა