ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში უნდათ ფრენა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თქვა, ფრენების დაწყებაზე მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებისთანავე შევიდა, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან.
დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს.
"ჩვენ მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს, გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით, სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან ფრენები გააჩნია.
ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ამ ქვეყნის ბაზარზე და საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე, როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მიერ. დღის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ დოკუმენტების შესწავლას", - თქვა დავითაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.