სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ ამ უკიდურესად ღრმა და დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზების ჩამონათვალში, სადავო არჩევნებთან და ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტთან ერთად, საპატიო ადგილს ორპოლუსიანი პოლიტიკა იკავებს, რომელსაც ვერც ბარიერის დაწევამ და ვერც საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მიახლოებამ უშველა. ქართული პოლიტიკა კვლავ დარჩა ორი გოლიათის ორთაბრძოლად, რომელშიც დანარჩენი მოთამაშეების როლი უკიდურესად შეზღუდულია. იგივე სურათი გვაჩვენა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესმაც.
უბრალოდ ფაქტია - სურვილის შემთხვევაშიც კი, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელისუფლებასთან შეთანხმება ნაცმოძრაობის გარეშე აზრს კარგავს, რადგან თუ არა მათი მონაწილეობა, პარლამეტში სერიოზული ცვლილებებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ გროვდება. გამოსავალი ევროპული ტიპის მრავალპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაშია, რომელიც თავისთავად გამორიცხავს პოლიტიკისა თუ ინსტიტუტების მონოპოლიზაციას და რისკენაც ასე თანმიმდევრულად და აქტიურად გვიბიძგებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის 8 მარტის შეთანხმებით. დიახ! პროპორციული საარჩევნო სისტემა ნამდვილად ეხმარება ორპოლუსიანი პოლიტიკის მრავალპოლუსიანად გარდაქმნას, თუმცა მხოლოდ სისტემა საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ მცირე ზომის პარტიებმა და მათმა ლიდერებმა, ოპოზიციურ ფლანგზე სტრატეგიული შეთანხმებისადმი ერთგულების პარალელურად, ბოლომდე გააცნობიერონ მესამე თუ მეოთხე პოლიტიკური ცენტრების შექმნის მნიშვნელობა და დაიწყონ გამსხვილების პროცესი.
დღევანდელი კრიზისული ვითარება, რაგინდ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, სწორედაც რომ ახალ შესაძლებლობას ბადებს ამისთვის: პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსულმა პარტიებმა დაამტკიცეს, რომ მიუხედავად მცირე ზომისა, ისინი დიდ პარტიებზე არანაკლებ პრინციპულები აღმოჩნდნენ: ოცნებამ ვერ მოისყიდა, ვერც შეაშინა და ვერც შანტაჟს დაუქვემდებარა ისინი. რაც იმას ნიშნავს, რომ ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და როგორც მინიმუმ ერთმა გირჩმა, კრიზისის შედეგად ახალი იდენტობა შეიძინეს. იგივე შეიძლება ითქვას მათ ლიდერებზეც, რომლებიც როგორც პოლიტიკური ფიგურები თავიდან დაიბადნენ. დღეს კი ხდება მათი იმიჯის ხელახალი ფორმირება და კრისტალიზაცია. მაგალითად, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ყოველთვის იყო ეჭვი, რომ მათი პოლიტიკაში მოსვლა საკუთარი აქტივების დაცვასა და სამართლებრივი დევნისგან თავის დაღწევას ემსახურებოდა. გიორგი ვაშაძეს კი ვანო ჩხარტიშვილის სიძეობა სატელიტ პოლიტიკოსად და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მოკავშირედ წარმოაჩენდა.
დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში, გაბედულმა და პრინციპულმა ნაბიჯებმა ეს ეჭვები გაფანტა და მათთვის, როგორც პოლიტიკური ლიდრებისთვის ახალი სასტარტო პირობები გააჩინა. ეს უდაოდ კარგია მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებისთვის, თუმცა არასაკამარისი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დაწყებულია და ამ პარტიებს შორის ერთგვარი კოორდინაცია უკვე არსებობს, საჭიროა მათი მეტად დაახლოვება და იმაზე სერიოზულად ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ისინი იქცნენ ე.წ. მესამე პოლიტიკური პოლუსის ბაზისად. ამისათვის კი საჭიროა, რომ მათ შორის მათთან იდეოლოგიურად ახლოს მყოფ მაგალითად ევროპულ საქართველოსთან ერთად იპოვონ საერთო პოლიტიკურ-იდეოლოგიური ხაზი, აქტიურად დაიწყონ ერთობლივი პოზიციონირება დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და შექმნან ერთობლივი პროგრამა, რომელიც პირდაპირ უპასუხებს რიგითი მოქალაქეების პრობლემებს და წარმოაჩენს ქვეყნის განვითარების ალტერნატიულ ხედვას.
დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ მეგობარი ელჩების მონდომების მიუხედავად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დიდი ალბათობით შეთანხმებით ვეღარ დასრულდება. ოცნების ლეგიტიმაციამოკლებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა კი ორმაგი შობა-ახალი წლის შემდეგ ორმაგი ძალისხმევით გაგრძელდება, რაც ადრე თუ გვიან რიგგარეშე არჩევნებთან მიგვიყვანს. და ამ ყველაფრის შემდეგ პრობლემა ის იქნება თუ არჩევნებში კვლავ ორი გოლიათის ბრძოლას ვიხილავთ.