logo
ENG



დავითულიანი: ერთად უნდა დავსვათ სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები

05 ივნ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 

ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები და ქართული ოცნების დეპუტატები შევიდნენ

ბავშვებთან საუბრის პროცესს თვალ-ყურს ადევნებს მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდაპირველად ბავშვებთან გასაუბრება ყველა მათგანის თანდასწრებით შედგენა, შემდეგ კი ბენეფიციარებთან ინდივიდუალური გასაუბრებები გაიმართება.

პანსიონში შევიდნენ შსს-ის მანქანებიც. ისინი გუშინ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს გააგრძელებენ. 

"დღეს უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები. ბავშვებს მოვუხსნათ ის სტრესული ფონი, რაც იქ უცხო ადამიანების ყოფნით არის გამოწვეული და შემდეგ გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა სოცმუშაკები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან. 

მეუფე სპირიდონის პოზიცია სოცმუშაკებთან იყო მიმღებლური და რბილი. მათ ყველას აძლევს მუშაობის საშუალებას. ჩვენ ვეცდებით, რომ სოც მუშაკები ამ საშუალებას იყენებდნენ მანამ, სანამ სახალხო დამცველს არ ექნება მონოტორინგის შესაძლებლობა". - ამბობს ბექა დავითულიანი. 

გუშინ, 4 ივნისს, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არ უნდა საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება. ნინოწმინდის პანსიონში არსებული რთული ვითარების შესახებ "რბილი" განცხადებები მან საკითხის სენსიტიურობით ახსნა, მათ შორის, ეკლესიის როლის გამო.  

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 4 ივნისს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოიყვანონ ყველა ბავშვი ნინოწმინდის პანსიონიდან. 

მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავრეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ. ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან. 

ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება. 

იურისტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 

PHR-მა შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსაც მოსთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა პანსიონის დირექტორის მიმართ. უწყებამ ამისთვის ორგანიზაციას რომელიმე ბავშვის მინდობილობა მოსთხოვა

ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონიდან, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, გაიყვანეს 6 ბავშვი. გადაყვანას ითხოვს კიდევ 10 აღსაზრდელი. 

პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები დასჯის სასტიკ მეთოდებზე ლაპარაკობენ. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს. 


close დახურვა