logo
ENG



დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე: თავის საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ

04 მაი 202212:26
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ეხმაურება მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს საქართველოს მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ უკრაინა საქართველოს "უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ" ადანაშაულებს.

"დღეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი NATO-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთთან კავშირში და მათი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და საქართველოს, მის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გაგვაჩნია მის დასახმარებლად, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, უბრალოდ არასერიოზულად აღიქმება. თავის საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და მე მინდა ვუსურვო გამარჯვება და წარმატება და ომის დასრულება, მაგრამ თავის საქმეს მიხედონ, ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი, მეგობარი ხალხი რაღაცნაირად გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობაში"- ამბობს დავითულიანი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთივე მკაფიო პოზიციებს, როგორიც აქვს დასავლეთს და აშშ-ს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განაცხადთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ.


close დახურვა