გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ მაკროსკოპული გამოკვლევის დროს მათ წყალში დახრჩობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, თუმცა დაწყებული იყო ლპობის პროცესი, რაც ართულებდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია - განვითარებული წყალში დახრჩობით.
"გვამის მაკროსკოპიული გამოკვლევის რეჟიმში ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებითი ინფორმაცია - წყალში დახრჩობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა თავს ვიკავებდი გაჟღერებისგან, რადგან იყო ლპობითი პროცესები, რაც ართულებდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.
თირკმელში აღმოჩნდა პლანქტონი, შესაბამისად ეს არის სპეციფიური ნიშანი. მთლიანობაში ვადასტურებ, რომ ის დასკვნა, რომელიც მე ეხლა ხელში მიჭირავს და რომელსაც სამხარაულის ექსპერტთა კომისიასთან ერთად ჩვენი წარმომადგენელი აწერს ხელს, ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით.
ეს არის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა როგორც გვამის მაკროსკოპულ, ასევე ჰისტოპათომორფოლოგიურ და სხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით.
პირველადი სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში ბლაგვი საგნით დაზიანებები აქვს მიყენებული.
გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.