logo
ENG



დარჩიაშვილი EU-ს კითხვარის პასუხებზე: მოვა დრო, როდესაც ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება

27 მაი 202214:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/oboyqi94tioogr3.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, "მოვა დრო", როდესაც ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს გაასაჯაროებენ. მისივე განმარტებით, ეს არის "მუშა დოკუმენტი", რომელიც დამუშავების პროცესშია და საბოლოო სახე ჯერ არ აქვს.

დარჩიაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი პასუხი შესაძლოა დაკორექტირდეს. ამაზე მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

"არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ჩვენ, არ გვქონდა ვალდებულება კითხვარის გასაჯაროების, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ და პრემიერმინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გახდა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა მსურველს ენახა კითხვარის შემადგენლობა. რაც შეეხება პასუხებს, აქ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც არ მოხერხდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება. პირველ რიგში, ჩვენ გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მუშა დოკუმენტი. ჩვენ პროცესში ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შესაძლებელია სამუშაო პროცესში გამოიკვეთოს ზოგიერთ პასუხთან მიმართებით სხვადასხვა პოზიციები, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს, ან არ დაკორექტირდეს. ამიტომ, ეს მუშა პროცესია, შესაბამისად, დოკუმენტი, რომელსაც ჯერ არ აქვს საბოლოო სახე მიღებული ჩვენ ამას ერთი მხრივ ვერ გავასაჯაროებდით, თუმცა მოვა დრო, როდესაც ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება"- თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა. ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადასცეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გასაჯაროებას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობამ მხოლოდ კითხვარი გაასაჯაროვა.

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 


close დახურვა