ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო.
შესწორებები შეეხება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, 8 მარტის შეთანხმებას, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, მედიის თავისუფლებას, საარჩევნო გარემოს და სხვა.
ანგარიშში შეტანილ შესწორებებში ევროკავშირის დახმარების წინაპირობებია აღნიშნული:
„ევროკავშირისგან გაზრდილი თანამშრომლობა და დახმარება დაფუძნებულია პრინციპზე ‘მეტი მეტისთვის’ და დამოკიდებულია რეფორმებში პროგრესზე - განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით, მათ შორისაა ინსტიტუტებში ურთიერთშეკავების და გაწონასწორების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და საარჩევნო რეფორმა".
ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ:
„ევროპარლამენტი მიესალმება ორი დაპატიმრებული ოპოზოციონერი ლიდერის შეწყალების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მხრიდან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დაძაბულობის შემცირებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულონ შეთანხმების შინაარსიც და სულისკვეთებაც, სახელდობრ, უზრუნველყონ, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ელემენტი აისახოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და დაინერგოს რაც შეიძლება სწრაფად“.
ამასთან, ევროპარლამენტარები გამოხატავენ წუხილს „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლოდროინდელი საქმეების გამო, რომელმაც დაასუსტა ნდობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე“.
შესწორებებში ხაზგასმულია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტის აუცილებლობა:
ევროპარლამენტარების „მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებას, რაც ამცირებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პოლარიზაციას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრა. მოუწოდებენ ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, დააკვირდეს ყველა ასეთ სასამართლო პროცესს; მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს კანონის უზენაესობის უმაღლეს სტანდარტებს, კონკრეტულად კი სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლიან სასამართლოს, ასევე ადამიანის უფლებებს.
ხელისუფლებას მედიის მფლობელების წინაათღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებაზე მიუთითებენ:
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან და მედიის მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან.
ანგარიშში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს მედიაზე თანაბარ წვდომას პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიისას; საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურად, დამოუკიდებლად, მოუკერძოებლად და დისკრიმინაციისგან თავისუფალ გაშუქებას.
საუბარია კორუფციასა და სახელწმიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საჭიროებაზე:
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლა, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, დეცენტრალიზაცია, კარგი მმართველობა, ასევე ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის და შრომის უფლებების იმპლემენტაცია.
ევროპარლამენტარები მიუთითებენ საარჩევნო გარემოს ნაკლოვანებებზე:
მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „სწრაფად და სრულად დანერგოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და გადახედოს კანონმდებლობის ნაკლოვანებებს, მათ შორის: პოლიტიკური კამპანიისთვის საჯარო რესურსების უკანონო გამოყენებას, ასევე კამპანიის დაფინანსების არასწორ გზებს, ძალადობის დაუსჯელობას, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელებას, ხმების ყიდვას, ოპოზიციის წარმომადგენლობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებლობას, ხმა მისცენ ზეწოლისა და შურისძიების შიშის გარეშე; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამკვირველბებმა იმუშაონ შევიწროებისა და ჩარევის გარეშე“.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ , რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა სრულად თანხვედრაში არ იყო რეკომენდაციებთან და ჰქონდა სერიოზული ნაკლოვანებები.
ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება, მათ შორის 2019 წლის პროტესტის დროს და დასაჯონ დამნაშავეები.