logo
ENG



დეგნანი: ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში

18 მაი 202311:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ანტიამერიკული რიტორიკის პასუხად ამბობს, რომ აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებულ საკითხზე არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყოველ წელს ათასობით ადამიანი მიემგზავრება აშშ-ში სხვადასხვა პროგრამებით. ელჩის თქმით, არსებობს გარკვეული პროცედურება, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად და პროცესი გამჭვირვალეა.

"სამწუხაროა, რომ იმედმა აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან აშშ-ში. მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება. ასევე, მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი არის გამჭვირვალე", - განაცხადა დეგნანმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად აშშ-ის მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე ისაუბრა.

კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი მართვე მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, ივლისში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ში, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე დაუსახელა, რის გამოც ისინი ვერ გაემგზავრნენ. ის ელჩს მოუწოდებს, "ასეთ რაღაცებს მიხედოს და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს".


close დახურვა