logo
ENG



დეგნანი: შეშფოთებულები ვართ ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით

28 დეკ 202111:24
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

კელი დეგნანი დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა და ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე ესაუბრა.

ელჩი აცხადებს, რომ მას აქვს კითხვები ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მუხლი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეებს. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის მთელი გუნდის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. ჩვენ ასევე გაგვიჩნდა კითხვები ამ პროცესის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები, რასაც მე ვაფასებ", - განაცხადა კელი დეგნანმა

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა