საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "საქართველოსა და უკრაინის მთავრობებმა მნიშვნელოვანი საკითხები პირადად უნდა განიხილონ".
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის თქმით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.
დეგნანის თქმით, საქართველომ თავად განსაზღვრა და გადაწყვიტა, "თუ რა არის მათთვის მისაღები და მოსახერხებელი, რომ დახმარებოდნენ უკრაინას".
"ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ საქართველოს და ასევე უკრაინის მთავრობას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ პირადად და არა საჯაროდ. მოგეხსენებათ, ყველას ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარე დრო აქვს, ვხედავთ, რუსეთს გაჩაღებული აქვს ომი უკრაინის წინააღმდეგ და ცდილობს, წაართვას მას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და კარგად გვესმის, ხალხის მდგომარეობა, რომელიც მუდმივ სტრესშია. როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, აშშ-მა სთხოვა თავის პარტნიორებს და მოკავშირეებს, რითაც შეეძლოთ, რაც მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა ისეთი დახმარება გაეწიათ უკრაინისთვის. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ჰუმანიტარული კუთხით, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერის გამოცხადებით, ასე რომ, თითოეულ ქვეყანას თავად უნდა გადაეწყვიტა და განესაზღვრა, თუ რა არის მათთვის მისაღები და მოსახერხებელი, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში დახმარებოდნენ უკრაინას. ყველას კარგად გვესმის საქართველოს ძალიან სენსიტიური მდგომარეობა, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% და ჩვენ მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ყველას, რომ ასეთი საკითხები განხილული იქნას არა საჯაროდ, არამედ პირადად", - ამბობს დეგნანი.
9 იანვარს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.
გარდა "ბუკის" სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
კასიანოვის სტატიას ქართული ოცნების წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობაში "მილიარდებია გადახდილი", რომ ანდრიი კასიანოვი "არაადეკვატურია თავის მოქმედებებში" და "საერთოდ, რასაც იგი [კასიანოვი] დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ".
ოცნების წვერმა გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ "ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად აი, ამ [უკრაინის] ომში იყოს ჩათრეული".
10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან "უსასყიდლოდ" არ მიუღია. მათი თქმით, "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.