ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულს, გიორგი მამალაძეს გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა ადგილზე გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში. დეკანოზის ოჯახის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პარალიზებული აქვს კიდურები, ციხეში კი მკურნალობის რესურსი არ არსებობს. ციხის ადმინისტრაციას მისი კლინიკაში გადაყვანის თხოვნით სწორედ ოჯახმა მიმართა.
მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ, დეკანოზისთვის სამედიცინო პროცედურების ჩატარებას კლინიკაში ოჯახის ნდობით აღჭურვილი ექიმიც დაესწრება.
"წელიწადი და 8 თვე უარს გვეუბნებოდნენ. ახლა მივაღწიეთ იმას, რომ კიდევ ერთხელ მოხდება ჩემი ძმის გადმოყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ჩაუტარებენ კვლევებს. ეს იგეგმება ხუთშაბათს. ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს ნიუ ჰოსპიტალში გადმოყვანა. ექიმები კატეგორიულად ამბობენ, რომ ჩემი ძმა ვერ განიკურნება ციხის საავადმყოფოში, რადგან რესურსი არ არსებობს დაწესებულებაში", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
მამალაძის ოჯახი, დაახლოებით ორი წელია, რაც დეკანოზისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარებას ითხოვს.