ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მთელ რეგიონზე იქონიებს გავლენას.
როგორც დეკანოიძემ "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, ბელარუსში მიმდინარე პროცესები არადემოკრატიული ხელისუფლებებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.
"თავისუფლების ახალი გალაქტიკა შეიქმნა ბელარუსში, რადგან 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა გუშინდელ მარშზე. ეს იყო ადამიანების განწყობა დიდი ცვლილებების მოლოდინში...ყველაფერი გამოიკვეთება ნელ-ნელა. ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი [სვეტლანა ტიხანოვსკაია], რომელმაც პრაქტიკულად მოიგო, ალბათ დაბრუნდება ბელარუსში. ვფიქრობ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის დასასრულს ვუყურებთ და ძალიან დიდ ცვლილებას ვადევნებთ თვალს ევროპის შუა გულში. ეს ნიშანდობლივია ჩვენთვის. ნიშანდობლივია, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყველა ოლიგარქიული და დიქტატორული რეჟიმები უკვე მარცხდებიან. თვისობრივად სხვა კატეგორიის მმართველობა შემოდის. რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ბელარუსში შესაძლებელი იყო ასეთი ცვლილებები, რომ 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოსულიყო გარეთ. მეორე ეს ნიშანდობლივია - არადემოკრატიული ხელისუფლებისთვის", - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს.
16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.