logo
ENG



დეკანოიძე: მელიასთვის EU-ს მიერ გირაოს გადახდა მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაა

08 მაი 202115:52
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: მელიასთვის EU-ს მიერ გირაოს გადახდა მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაა

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ხატია დეკანოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, ევროკავშირმა გირაოს გადახდით ოფიციალურად თქვა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

„ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება - ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.

ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

 

 

ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფორმულა გუშინ, 7 მაისს ავრცელებდა. 

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. პროკურატურა მას 2019 წლოს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.  

1-ლ მაისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. შეხვედრის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც, რომლითაც "დადგინდება, ვინ იჯალათა და ვინ გასცა 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება". 

იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს". 

 


close დახურვა