logo
ENG



დეკანოიძე: საჯარო მოხელეს ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, თუ კორუფციაში არაა

07 სექ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ საჯარო მოხელე "კორუფციაში არ არის გახვეული", მას ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს. ასე ეხმაურება ის მთავრობის სტრატკომის განმარტებას, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

"საჯარო მოხელეს ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს - მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი საჯარო მოხელე, თითქმის, 20 წელი სხვადასხვა ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ თუ პატიოსნად ცხოვრობს საჯარო მოხელე და თუ არ არის კორუფციაში გახვეული, მაშინ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერმინისტრი, რომელიც თავს უფლებას აძლევს კორუფციული ფულით იქირავოს ჩარტერები და გადაფრინდეს ნებისმიერ ქვეყანაში", - აღნიშნავს ის.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა- მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.


close დახურვა