logo
ENG



დეკანოიძე: ღიად მოვითხოვთ პასუხებს - რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან

23 მაი 202310:08
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და პასუხისმგებელ ორგანოებთან დეპუტატებს რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ კითხვები აქვთ. მისი თქმით, პასუხებს ღიად ითხოვენ იმაზე, თუ როდის დაიწყო ეს კომუნიკაცია და რა არხებს იყენებს ხელისუფლება.

"ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს არის ზუსტად საქართველოს უსაფრთხოების, გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა.

ჩვენ, 7 დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან - როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა", - განაცხადა დეკანოიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის. 

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.


close დახურვა