„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია ჯერ არ ჩამოყალიბებულა რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ენმ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად გააჟღერებს.
„ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება მათ შორის პოლიტსაბჭოზეც „ნაციონალური მოძრაობა“ გააჟღერებს თვითონ. ცოტა გაურკვეველია, როდესაც საკომუნიკაციო არხები ბოლომდე დახურული არ არის, რატომ ჟღერდება ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება. სინერგიის მომხრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო, გავიხსენოთ თბილისის მაჟორიტარები, სამწუხაროა, ორი სამაჟორიტარო ოლქი კიდევ დასახურია“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, პარტია ყველას განიხილავს პარტნიორად, ვისთვისაც მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, იმდენად მძიმე სიტუაციაა - სიღატაკე, სამართლის მაძიებელი ხალხი, რომ უხერხულად მეჩვენება-ხოლმე ადამიანებთან პოლიტიკურ კონტურებზე საუბარი. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესია. ჩვენ არც ერთ პარტიასთან არ გვქონია კომუნიკაციის პრობლემა, მათ შორის არც „ევროპულ საქართველოსთან“. ჩვენთვის მთავარია ივანიშვილის დამარცხება და ყველა ვისთვისაც ესაა მთავარი ამოცანა, განვიხილავთ პარტნიორებად“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ არასდროს დაუმალავს, რომ რეგიონებში მყარი პოზიციები აქვს.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. ამასთან, უგულავამ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ კონსულტაციები და საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, რომლებიც ასევე კონკურენციაში შევლენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებთან.