logo
ENG



დეკანოიძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს

10 ნოე 202214:11
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს.

დეკანოიძის თქმით, პარტიაში არჩევნების წინააღმდეგ არავინ ყოფილა და აზრთა სხვადასხვაობა იყო ვადებზე.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარადგინოს გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა.

"არა, არ განვიხილავ [მონაწილეობას], არ ყოფილა [შემოთავაზება], მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დემოკრატიული პროცესია და ვისაც მოუნდება, ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება.არჩევნებზე ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, რომ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები და გვქონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი იყო ვადებზე, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ვადებზე", - უთხრა დეკანოიძემ ფორმულას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, არტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.


close დახურვა