ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალმა მოძრაობამ - "სახელმწიფო ხალხისთვის", თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე აირჩია. გადაწყვეტილება მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
„ძალიან სიღრმისეული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად, წარმოგიდგენთ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებულ და გაძლიერებულ შემადგენლობას. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო, საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისაგან დაკომპლექტებული და ამ პოლიტიკურმა საბჭომ თავმჯომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საუკეთესო მოქალაქე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე“, - განაცხადა მაჭუტაძემ.
როგორც თავად ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, მისი და მოძრაობის ხედვები თანხვედრაშია და შეთავაზებასაც სწორედ ამიტომ დათანხმდა.
„მე მივიღე შემოთავაზება მოძრაობისგან „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომ ვყოფილიყავი პოლიტიკური ლიდერი. გადაწყვეტილება მივიღე იმიტომაც, რომ ამ პარტიის სახელწოდებაში გასხეულებული სათაური „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ჩემი პოლიტიკური კრედო, რომ სახელმწიფო სწორედ არსებობს თითოეული მოქალაქისათვის; იმიტომაც, რომ ეს მოძრაობა არის დიდი და მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების წევრი“, -
ბრიფინგზე განცხადა გააკეთა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ. მან აღნიშნა, რომ მიღებული შეთანხმებით, პარლამენტს ოპოზიციური გაერთიანებიდან კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.
„გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“, კიდევ ერთი საპარლამენტო პარტია შემოემატა და ის, რაც ჩვენ დავიწყეთ 2018 წელს, ის შეუქცევადი პროცესი, რომელმაც აჩვენა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე - 2020 წელს საქართველომ ოლიგარქიული რეჟიმი უნდა მოიშოროს თავიდან და ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნდეს. ეს პროცესი გრძელდება წარმატებით“, - განაცხადა ვაშაძემ.